მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტმა დაადგინა, რომ გარდაბნის მთავრობამ 5 სატრანსპორტო საშუალება დაკარგა

601ec80c183c0
თამთა ჯიჯავაძე
06.02.21 20:28
2820
აუდიტის სამსახურმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების დანაკლისი გამოავლინა და მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლის საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშში ასახა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, აუდიტის ჯგუფმა შერჩევით ჩაატარა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანების ინვენტარიზაცია. აუდიტის ჯგუფის მოთხოვნით, მუნიციპალიტეტმა სსიპ − შსს მომსახურების სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დღემდე ირიცხება 72 ერთეული სატრანსპორტო საშუალება.

აქედან 26 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, აუდიტის ინფორმაციით, დაზიანებულია და არ გამოიყენება დანიშნულებით. აღნიშნული მანქანებიდან 21 ერთეული სათანადო მოვლა-პატრონობის გარეშეა დატოვებული, კერძოდ:

„10 ერთეული ავტობუსი, რომელიც თხოვების ფორმით გადაცემულია შპს „გარდაბნის სატრანსპორტო კომპანიაზე“, 2018 წელს გამართული იყო და ემსახურებოდა მგზავრთა გადაყვანას, თუმცა აუდიტის ჯგუფის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ისინი არ არის მუშა მდგომარეობაში. აღნიშნული გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მერიის მიერ სატრანსპორტო საშუალებები არ არის სათანადოდ აღრიცხული და არ არის დაწესებული შესაბამისი მოვლა-პატრონობა. შესაბამისად, არსებობს მათი დაკარგვის, დაზიანების და არამართლზომიერი გამოყენების რისკი", - წერია აუდიტის ანგარიშში.

რაც შეეხება ხუთ სატრანსპორტო საშუალებას, აუდიტის ჯგუფმა მათ ვერ მიაკვლია. "პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ინფორმაცია 3 ერთეული სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის შესახებ უცნობია; ერთ მანქანა გადაცემული იყო შპს „გარდაბნის სატრანსპორტო კომპანიისთვის“ და პასუხისმგებელი პირის განმარტებით, იმყოფებოდა სოფელ კუმისში, დირექტორის საცხოვრებელი სახლის ეზოში, თუმცა აუდიტის მსვლელობისას აღნიშნული ავტომანქანის ადგილმდებარეობა ვერ დადგინდა.

ასევე ერთი ავტომანქანა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ინფორმაციით, დაზიანებულია და 2011 წლიდან იმყოფება სამეგრელოში. აღნიშნული ფაქტი წინა აუდიტის დროსაც დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ გასულია რამდენიმე წელი, მუნიციპალიტეტმა არ განახორციელა სათანადო რეაგირება“, - წერია აუდიტის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები