მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აუგუსტი“ გაყინული პურის და კრუასანების გაყიდვას იწყებს

64b0e690cbbd1
ინგა მურუსიძე
14.07.23 10:23
2446

„აუგუსტი“ გაყინული პურის და კრუასანების წარმოებას იწყებს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა ქრისტინე მორჩილაძემ BMG-ის გადაცემა რედაქტ2-ში #სტუმრობისას განაცხადა, პროდუქტი სატესტოდ „აუგუსტის“ ფილიალებში სავარაუდოდ აგვისტოდან გამოჩნდება, ხოლო ოფიციალურად სექტემბრიდან გეგმავენ გაყიდვას.

„პანდემიის დროს, ისე როგორც სხვა ბევრმა ბიზნესმა, ჩვენც ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ. ჩვენი ფილიალები არ დახურულა, გადავედით მაღაზიის რეჟიმზე და ვეცადეთ, ჩვენი პროდუქტი მოგვერგო მაშინდელი პრობლემისთვის. გავაკეთეთ გაყინული პურები, რაც ჩვენს სტუმრებს აძლევდა საშუალებას, სახლიდან ყოველდღიურად არ გამოსულიყვნენ პურის საყიდლად.

მალევე ამოვიღეთ ეს პროდუქტი წარმოებიდან, თუმცა გამომდინარე მოთხოვნიდან, ვფიქრობთ, თავიდან დავიწყებთ წარმოებას. ძალიან საინტერესო პროდუქტია, საუბარია გაყინულ პურსა და კრუასანზე. ეს იქნება პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელი 10 წუთში თავად დაამზადებს. პროდუქტები სანამ გაიყინება, გარკვეულ ტექნოლოგიურ პროცესს გაივლის იმისთვის, რომ საბოლოო სახე მიიღოს. გამოცხვება დაახლოებით 90%-ით, 10% დააკლდება, თერმული მეთოდით გაიყინება და შეიფუთება. როცა მომხმარებელი პროდუქტს შეიძენს, ოთახის ტემპერატურაზე დააყოვნებს 10 წუთით და შესაძლებელი იქნება გამოცხობა.

ახლა ვართ ტექნოლოგიური დამუშავების პროცესში და გვინდა სექტემბრიდან დავიწყოთ გაყიდვა. შესაძლებელია, აგვისტოში რამდენიმე ფილიალში სატესტოდ გავყიდოთ, თუმცა ოფიციალურად წარმოებაში მოგვიანებით ჩავუშვებთ“, - განაცხადა ქრისტინე მორჩილაძემ.

რაც შეეხება კრუასანის სახეობებს, როგორც მორჩილაძე განმარტავს, გამომდინარე იქიდან, რომ ნახახტარის ქარხანაში შოკოლადსაც ამზადებენ, შესაძლებელი იქნება, გაყინულ კრუასანთან ერთად, მათივე წარმოების შოკოლადის შეძენაც.

კომპანია „აუგუსტი“ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. პურ-ფუნთუშეულობის ბულანჟერიას ამ დროისთვის 7 ფილიალი აქვს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები