მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიამიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება რუსეთთან ფრენების განახლებას არ ნიშნავს - მოლოდინაშვილი

645b881c2d303
ვიქტორია მღებრიშვილი
10.05.23 16:54
1380
„რუსეთის მიერ ავიამიმოსვლის აღდგენა არ ნიშნავს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები განახლდება“, - ასე აფასებს BMG-სთან საუბრისას, რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის მიერ დღეს ხელმოწერილ ბრძანებას, საავიაციო საკონსულტაციო ჯგუფის მმართველი პარტნიორი გიორგი მოლოდინაშვილი.

მისი თქმით, იმის ალბათობა, რომ ქვეყნებს შორის ქართული ან უცხოური კომპანიები იფრენენ, ნაკლებია, რადგან მსოფლიოში ახალი რეალობაა შექმნილი, სადაც რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, რუსული ავიასექტორი სანქცირებულია. გიორგი მოლოდინაშვილი იმ ფაქტორებს ასახელებს, რომლის გამოც ქვეყნებს შორის ფრენების განახლება რთული იქნება.

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამ შეზღუდვის მოხსნა არ ნიშნავს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები განახლდება, რამეთუ ჩვენ ახალ რეალობაში ვცხოვრობთ. განახლების შემთხვევაში, რაშიც ეჭვი მეპარება, ძალიან ბევრი პრობლემები ექნებათ ქართულ ავიაკომპანიებს, რადგან ის საერთაშორისო დაზღვევები, რომლებიც მათ აქვთ, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ მოქმედებს.

ასევე ძალიან რთული მდგომარეობა იქნება ტექნიკური მომსახურების გაწევის კუთხით, რაც კონკრეტულ ქვეყანაში ფრენების შესრულებისას არის საჭირო; მესამე და ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ის არის, რომ ყველა ქართული ავიაკომპანია ექსპლუატაციას უწევს დასავლურ კომპანიებს, როგორიც არის Airbus, Boeing, რომელთა ექსპლუატაცია, ფრენების შესრულება რუსეთის ფედერაციაში პრაქტიკულად სანქციების ქვეშაა და რუსეთის მიმართულებით ფრენების შესრულებაზე არც ერთი სალიზინგო კომპანია არ იქნება თანახმა. აქ პრობლემები იქმნება თვითმფრინავების მწარმოებელთან, რადგან მას შემდეგ, რაც რუსეთმა თვითმფრინავების ნაციონალიზაცია მოახდინა, ამაზე მწარმოებლებმა კონკრეტული სანქციები შემოიღეს.

წმინდა საავიაციო კუთხით შემიძლია გითხრათ, რომ სხვა ავიაკომპანიები რუსეთ-საქართველოს შორის ფრენებს ვერ შეასრულებენ, რადგან იგივენაირი პრობლემები დაუდგებათ, რაც ქართულ კომპანიებს“, - განმარტა მოლოდინაშვილმა.

საავიაციო საკონსულტაციო ჯგუფის მმართველი პარტნიორი აღნიშნავს, რომ თუ ფრენების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება დადებითი იქნება, მაშინ გარკვეული რისკები უნდა იყოს გადაზღვეული.

„თუ ჩვენ ავიამიმოსვლის გახსნის გადაწყვეტილებას მივიღებთ, უნდა დავაზღვიოთ გარკვეული რისკები, რომლებიც რუსული ავიაკომპანიების მხრიდან მომდინარეობს, რადგან მათ ქვეყანაში სრულფასოვანი ტექნიკური მომსახურების შესაძლებლობა არ აქვთ, მათ არ აქვთ დაზღვევები. ისინი რეალურად ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოფრენით მხოლოდ პრობლემების შემქმნელები იქნებიან“, - უთხრა BM.GE-ს მოლოდინაშვილმა.

ავიაემბარგო გაუქმებულია - პუტინმა ბრძანებას მოაწერა ხელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები