ავსტრია პირველი ქვეყანაა ევროპაში, რომელიც 18 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სავალდებულოს ხდის. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა, შესაბამისი კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა. კენჭისყრა პარლამენტში 20 იანვარს არის ჩანიშნული. დოკუმენტის დასამტკიცებლად საკმარისი იქნება ორი მმართველი პარტიის დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა.
„მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში კანონი უკვე უნდა ამოქმედდეს და დაიწყება ქვეყანაში გარდამავალი ეტაპი. ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა და მიეცემათ განსაზღვრული დრო, რომ აიცრან და მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. პირველი ეტაპის შემდეგ, ანუ მარტის შუა რიცხვებიდან, ჩვენ დავიწყებთ კანონის აღსრულების მონიტორინგს. ამიერიდან პოლიცია შეძლებს შეამოწმოს, აქვთ თუ არა მოქალაქეებს ვაქცინაციის მოწმობა და დაწესდება შესაბამისი სანქციებიც,“ - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.
Euronews-ის ინფორმაციით, ორსულები და ის ადამიანები, რომლებისთვისაც ვაქცინა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით საზიანოა და აქვთ შესაბამისი ცნობა, თავისუფლდებიან ვალდებულებისგან. დანარჩენს კი, აუცრელობის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა, რომელიც კანონპროექტის თანახმად, 600 ევროდან იწყება და ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა შეიძლება 3,6 ათას ევრომდე ავიდეს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ქვეყანაში მოსახლეობის აზრი ორად გაიყო, ერთი მხარე ამტკიცებს რომ ეს სწორი და ლოგიკურია, კანონპროექტის ოპონენტები კი ამბობს, რომ მათ თავისუფლებას და არჩევანის უფლებას ართმევენ.