ასი წლის წინ ავსტრიაში დაფუძნებულ უმსხვილეს ბანკ Raiffeisen Internationl-ს სანქციები ემუქრება. ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი ამჟამად აქტიურად სწავლობს Raiffeisen-ის რუსეთში საქმიანობის საკითხს.
საქმე ისაა, რომ ავსტრიული ბანკი რუსეთის ბაზარზე 1996 წლიდანაა წარმოდგენილი და ის ცენტრალური ბანკის მიერ აღიარებულ 13 სისტემურ ბანკს შორის ერთ-ერთია, რაც იმას ნიშნავს ბანკს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს რუსული საბანკო-საფინანსო სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე.
2022 წელს Raiffeisen Internation-ის მიერ გენერირებული შემოსავლების თითქმის ნახევარი რუსეთზე მოდიოდა, რაც იმის მაუწყებელია, რომ ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებული დაპირებების მიუხედავად, ბანკი რუსეთზე დამოკიდებულებას არ ამცირებს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ამჟამად Raiffeisen-ის მიერ სანქციების დარღვევის საკითხს სწავლობს. Reuters-ის ინფორმაციით, გამოვლენილია რამდენიმე უხეში დარღვევა, რის გამოც გამორიცხული არ არის, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა ავსტრიული საფინანსო ორგანიზაციის წინააღმდეგ გარკვეული სადამსჯელო ზომები მიიღონ.
აღნიშნული ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში კომპანიის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 11%-ით შემცირდა, ერთწლიან ჭრილში კი ვარდნის მაჩვენებელი 37%-ს აღწევს.