მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრიული ნავთობკომპანია OMV საქართველოს საზღვაო აკვატორიაში გაზის მოძიებას დაიწყებს – ნავთობისა და გაზის სააგენტო

5f6a28c8b9ae9
თამთა ჯიჯავაძე
22.09.20 21:20
1768
ავსტრიული ნავთობკომპანია OMV საქართველოს საზღვაო აკვატორიაში გაზის მოძიების სამუშაოებს დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ მიაწოდა.

სააგენტოს ცნობით,  OMV Petrom-ის აღმასრულებელი საჭოს წევრმა პიტერ ზილინგერმა Globuc-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს მიმზიდველობა საყოველთაოდ ცნობილია და ეს საერთაშორისო რეიტინგებშიც ასახულია.

მისივე თქმით, კომპანიას დიდი სურვილი აქვს შევიდეს საქართველოს ღრმა წყლებში, რომელიც თანდათან იხსნება.

„ყოველთვის უნდა იყოს ბალანსი პერსპექტიულობასა და ბიზნეს გარემოს შორის. პერსპექტივის თვალსაზრისით, ძალიან პერსპექტიულია ბულგარეთის წყლები, ხოლო მეორე მხრივ, საყოველთაოდ ცნობილია საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს მიმზიდველობა, რაც ასახულია კიდეც საერთაშორისო რეიტინგებში“, - აღნიშნა პიტერ ზილინგერმა.

ცნობისთვის, 2020 წლის 22 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შავი ზღვის II და III სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერი ჩაატარა, რომლის დროსაც II სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად გამოცხადდა უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანიის OMV ჯგუფის წევრი კომპანია OMV PETROM S.A.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს ორ და სამ განზომილებიანი სეისმოსაძიებო სამუშაოებს, ბოლო ეტაპზე კი დაიწყება ბურღვა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე. ანალოგიური პროექტის ღირებულება - რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ OMV - ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარია.

აღსანიშნავია, რომ საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან ერთადერთია, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება არ მიმდინარეობს.

OMV Petrom რუმინეთის ყველაზე დიდი და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე დიდი ნავთობისა და გაზის კომპანია. 2012 წელს OMV PETROM-მა, ExxonMobil-თან ერთად, რუმინეთში, შავ ზღვის საძიებო ბლოკ Neptun-ზე აღმოაჩინა გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი საბადო DOMINO-1.

ავსტრიის უმსხვილესი ნავთობკომპანია OMV 1956 წელს დაარსდა. კომპანიაOMV-ს საქმიანობა ძირითადად მოიცავს: ნავთობისა და გაზის მოპოვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, ელექტროენერგიის წარმოებას. 2019 წლის Forbes-ს მონაცემებით OMV Group-ი არის ავსტრიის მე-N2, ხოლო ევროპის მასშტაბით N79-ე უდიდესი კომპანია, მე 10 ევროპის ნავთობისა და გაზის კომპანიებს შორის. 2019 წელს კომპანიის აქტივებმა 44,1 მილიარდი ევრო შეადგინა. კომპანიაში დასაქმებულია 20 000-ზე მეტი თანამშრომელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები