მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილების იმპორტის შეფერხების ტენდენცია აღარ შეინიშნება - “კავკასიის ავტოიმპორტი”

63e21c6b4a22b
ლიკა გურაბანიძე
08.02.23 09:33
780
“ლოგისტიკის ჯაჭვებში, იმპორტირებული ტვირთის შეფერხების ტენდენცია აღარ შეინიშნება. ყველაფერი ჩვეულ პანდემიამდელ რიტმში მიმდინარეობს.” - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას “კავკასიის ავტოიმპორტის” მარკეტინგის მენეჯერმა კახა ლომიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ტვირთების შეუფერხებლობისგან განსხვავებით, პანდემიამდელთან შედარებით, ლოგისტიკაზე ფასები კვლავ მაღალი რჩება.

“ფასები იმ ნიშნულზე არ ჩამოსულა, რაც პანდემიამდე იყო. ფასები მცირდება, მაგრამ იმ ნიშნულზე ჯერ არ დგას. თუმცა 2022 წლის დეკემბრიდან კლების ტენდენცია ძალიან კარგია.” - განმარტა მან.

კახა ლომიძე ასევე ამბობს, რომ კომპანიამ 2022 წელს ფორს-მაჟორებთან მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომთან ადაპტირება წარმატებით შეძლო.

“2022 წელი გამოწვევების იყო. გამოწვევებს შორის მუშა ხელის დეფიციტს დავასახელებდი, ასევე ყოფილა შემთხვევა, რომ პორტი დაკეტილა და ტვირთბრუნვას პრობლემა შეჰქმნია. რუსეთ-უკრაინის ომიც ჩვენთვის გამოწვევაა, რადგან უკრაინის ბაზარს ავტომობილებს ვაწვდიდით, ეს ბაზარი ჩაგვეკეტა.

ომი, რომ დაიწყო უკრაინისთვის განკუთვნილი ტვირთი, სადმე უნდა დაგვესაწყობებინა, რადგან უკრაინელი მომხმარებლების წინაშე პასუხისმგებლობა უკვე აღებული გვქონდა. კომპანიამ დიდი ფინანსების ხარჯზე ეს ტვირთი ისევ საქართველოში დაასაწყობა. ამ კრიზისებმა მოიტანა ის, რომ საქართველოში ავტომობილების იმპორტზე მოთხოვნა გაიზარდა.” - აღნიშნა კახა ლომიძემ.

ცნობისთვის, 2022 წლის 11 თვეში მსუბუქმა ავტომობილებმა უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებს შორის 11.6%-იანი წილით პირველი ადგილი დაიკავა. აღნიშნულ პერიოდში საქართველოში 1.391 მლრდ დოლარის ღირებულების 131 941 ცალი მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა. იმპორტირებული ერთეული ავტომობილის საშუალო ღირებულება კი 10 500 დოლარი იყო. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წლის ამავე პერიოდის რიცხვებს ღირებულებით 66%-ით, ხოლო რაოდენობით 16%-ით ანუ 18 183 ავტომობილით აღემატება.

მსუბუქი ავტომობილების მთავარი საიმპორტო ბაზარი ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები იყო. საიმპორტო ქვეყნების TOP-5-ეული ასეთია: 1. აშშ - 723 მლნ დოლარი, 86 997 ცალი; 2. იაპონია - 239.4 მლნ დოლარი, 11 489 ცალი; 3. გერმანია - 148.8 მლნ დოლარი, 11 715 ცალი; 4. თურქეთი - 97.6 მლნ დოლარი, 3 068 ცალი; 5. ბელგია - 17 მლნ დოლარი, 2 334 ცალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები