მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აწარმოე საქართველოში” ახალი პროექტით 10 მლნ ლარამდე ბიზნეს სესხებს დაასუბსიდირებს

612f29a7088fc
შოთა ტყეშელაშვილი
01.09.21 20:30
1196
დღეს ეკონომიკის სამინისტროს სააგენტომ “აწარმოე საქართველოში” ბიზნესის თანადაფინანსების ახალი პროგრამა - “ბიზნეს უნივერსალი” წარადგინა, რომლის ფარგლებშიც 10 მილიონ ლარამდე მოცულობის ბიზნეს სესხებზე პროცენტის სუბსიდირება მოხდება.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი კომპონენტი არ შემოიფარლება კონკრეტული სექტორებით და მასში მონაწილეობის მიღება სხვადასხვა დარგში მოღვაწე ბიზნესებს შეეძლებათ.

“პროგრამა მოიცავს ლიზინგის, სესხის და საერთაშორისო ბრენდის გადასახადის თანადაფინანსებას. მეწარმე სუბიექტისთვის სააგენტო ახორციელებს დამტკიცებული სესხის პროცენტის სუბსიდირებას, დამტკიცებული სესხის ვადით რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%, (ლიზინგის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%) და ამავდროულად სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირებას, მაქსიმუმ 10 წლის ვადით.

პროგრამის ფარგლებში სესხის მინიმალური მოცულობა 50 000 ლარს შეადგენს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს. აღსანიშნავია, რომ სესხის მინიმუმ 50% უნდა იყოს მიმართული ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა საბრუნავი საშუალებების შესაძენად.

ყველა ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს სამეურნეო/ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობებში შშმ პირების შეუფერხებელი დაშვება პანდუსების ან/და მსგავსი საშუალებების გამოყენებით,”- ნათქვამია “აწარმოე საქართველოშის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯერჯერობით, უცნობია თუ რამდენი მილიონი ლარი იქნება პროექტის ბიუჯეტი და შესაბამისად, რამდენ ბიზნესს შეეძლება მისი გამოყენება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები