მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალაშენებული ბინების რაოდენობა 20%-ით ჩამორჩება წინა წლის მაჩვენებელს – მიმოხილვა

5f37f0a81f5ef
თამთა ჯიჯავაძე
16.08.20 09:00
1087
თბილისში, 2020 წლის ივლისში ბინების 2,565 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 15%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება ბაზრის ღირებულებას 22%-იანი კლებაა 2019 შედარებით და 108 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, – ამის შესახებ Colliers International Georgia-ს ექსპერტების მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვის მიხედვით, 2020 წლის ივნისში თბილისში ტრანზაქციების შემცირება ყველაზე ნაკლებად აისახა გლდანში, სადაც ეკონომ კლასის ბინები ჭარბობს. ამავე კვლევის თანახმად, თბილისის მასშტაბით ეკონომ კლასის ბინების ბაზრის ღირებულება სხვა კლასებთან შედარებით ნაკლებად შემცირდა.

რაც შეეხება ბინების ტიპების მიხედვით განაწილებას, მიმოხილვის მიხედვით, ახალაშენებული ბინების რაოდენობა 20%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო ძველი ბინების რაოდენობა ტრანზაქციებში თითქმის აღდგა და მხოლოდ 5%-ით ნაკლებია 2019 წლის მონაცემზე.

“განვიხილეთ საბაზისო სცენარი ზომიერი იზოლაციის პირობებში 2020 წლის ბოლომდე.

ნეგატიურია მოლოდინები მედიუმ სეგმენტის საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე როგორ ტრანზაქციების ისე ფასის კუთხით. ამ სეგმენტში უფრო გააქტიურდება სპეკულატიური ტრანზაქციები, შემცირებული უძრავი ქონების ფასის ხარჯზე.

ეკონომ კლასის შემთხვევაში ფასი უმნიშვნელოდ შეიცვლება, თუმცა ტრანზაქციების რაოდენობა ამ სეგმენტშიც მოიკლებს. აღსანიშნავია, რომ იზოლაციის ფონზე მოთხოვნა იზრდება კერძო და ხელმისაწვდომ სახლებზე მათ შორის ქალაქგარეთ.

პრემიუმ კლასის შემთხვევაში წლის ბოლომდე მოსალოდნელი ტრანზაქციების შემცირება თუმცა ვფიქრობთ, რომ ფასი უმნიშვნელოდ შეიცვლება. ეს განსაკუთრებით მწვავედ აისახება გასაქირავებელი უძრავი ქონებაზე, სადაც მოსალოდნელია როგორც ტრანზაქციების ისე მათ შორის ფასის შემცირებაც“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია ტრანზაქციების შემცირება განსაკუთრებით ტურისტულ არეალებში, როგორებიცაა: ბათუმი, ბაკურიანი, გუდაური: „2019 წლის მონაცემებით, ბათუმის ბაზარზე ჯამში დაახლ. 11,500 ტრანზაქცია განხორციელდა, აქედან დიდი წილი საინვესტიციო ქონებებზე მოდის. სხვა მასშტაბით, მაგრამ საინვესტიციო ბინები ჭარბობს ბაკურიანსა და გუდაურშიც. სავარაუდოა, რომ გაურკვევლობის ამ პერიოდში, მყიდველები თავს შეიკავებენ ე.წ. ტურისტული დანიშნულების ბინების შეძენისგან“.

რაც შეეხება საინვესტიციო/გასაქირავებელი ბინების ბაზარს, მიმოხილვის მიხედვით, ეს ბაზარი გამოწვევების წინაშე დადგება. მოსალოდნელია ფასების მნიშვნელოვანი შემცირება, როგორც გასაქირავებელ, ისე გასაყიდ ქონებაზე: „ამ შემცირებამ შესაძლოა გააჩინოს სპეკულატიური ინვესტორების ახალი ტალღა, რომლებიც კრიზისულ პერიოდში აქტიურდებიან”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები