მე ვურჩევდი, რომ ამ განცხადებამდე მადლობა გადაეხადა სამედიცინო საზოგადოებისთვის, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ შეაფასებდა ის მინისტრის ხედვებს.
„უნდა აღინიშნოს, რომ ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობის დაკავებიდან მალევე სისტემაში გარკვეული რეფორმების გატარება დაიწყო, რაც მისივე თქმით, სისტემის გაჯანსაღებას ისახავდა მიზნად. თქვენ დაახლოებით 8 თვე იმუშავეთ ერთად. როგორ აფასებთ მინისტრის ახალ პოლიტიკას, მათ შორის, კოვიდ კლინიკების მკაცრ კონტროლს, გახარჯული თანხების მონიტორინგს. მინისტრის ხედვებიდან რას იზიარებდით და რას არა?“, - დაინტერესდა ჟურნალისტი.
„მე არ მიყვარს, როდესაც ჩემს კოლეგებზე ვსაუბრობ. “საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო“. ახალგაზრდა კაცია, გასაგებია, რომ ჯანდაცვის სექტორში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა. მენეჯერული გამოცდილება აქვს. მე ვურჩევდი, რომ ამ განცხადებამდე მადლობა გადაეხადა სამედიცინო საზოგადოებისთვის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საზოგადოებაა და რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობდა და ითამაშებს ქვეყნისთვის განსაკუთრებულ მდგომარეობებში, რომელიც ბოლო სამი წელი იყო პანდემიის პირველ ხაზზე. პანდემია ჯერ არ დასრულებულა, კაცმა არ იცის, რა და როგორ იქნება. გასაგებია, რომ უმრავლესობა ვემხრობით, რომ ვირუსი კიდევ უფრო დასუსტდება და იქცევა ენდემურ ვირუსად, შეიძლება მიუახლოვდეს სხვა კორონავირუსებს, რომლებიც საზოგადოებას არ აწუხებს. მე მაინც მადლობით დავიწყებდი... კოვიდი იგივეა, რაც ომი. რა თქმა უნდა, გამოყოფილი თანხა უნდა გაკონტროლდეს, მისი ხარჯვა უნდა იყოს ეფექტიანი“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.
NCDC-ს ყოფილი ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ზურაბ აზარაშვილს პატივს სცემს, როგორც მინისტრს, მაგრამ პანდემიაზე დანახარჯი საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით გაცილებით ნაკლებია ბევრ ქვეყანასთან მიმართებაში.
„ციფრებს მინისტრი უფრო ფლობს, პანდემიის დროს ხარვეზები დარწმუნებული ვარ, იყო და იქნებოდა, მაგრამ არ ვფიქრობ ამხელა თანხის გაფლანგვასთან და უყაირათოდ ხარჯვასთან გვქონოდა საქმე“, - ამბობს გამყრელიძე.
რაც შეეხება აზარაშვილის განცხადებას, რომ იმაზე მეტი კლინიკა და საწოლფონდი გვქონდა, ვიდრე ეს საჭირო იყო, ხოლო 1 მილიარდ ლარზე მეტი ცარიელ საწოლებში იყო გადახდილი, გამყრელიძე აფასებს, რომ მზადყოფნა მუდმივად აუცილებელი იყო.
„ეს რას ნიშნავს, თუ ხანძარი არ არის, ე.წ. მეხანძრეს ფული არ უნდა გადაუხადო?! მთელი მსოფლიო საუბრობს დღეს მზადყოფნაზე. ნახეთ, თეთრი სახლის მზადყოფნის გეგმა როგორია, ჯანმოს გეგმა, ბილ გეითსის ბოლო წიგნი და წინადადებები, დიდი შვიდეულისა და ოცეულის რეკომენდაციები. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ასეთი დიდი აფეთქებები იქნება. გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება ხელს უწყობს ბაქტერიებისა და განსაკუთრებით ვირუსების მუტაციას. მზადყოფნა მუდმივად უნდა იყოს. ძალიან დამწყდა გული, როდესაც 2022 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი 2021 წელთან შედარებით შეამცირეს. როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც ჯანდაცვის ბიუჯეტი გააორმაგა. ჯანდაცვა იქცა პოლიტიკურ პრიორიტეტად, საყოველთაო ჯანდაცვით შვება იგრძნო ხალხმა, რაც ბიუჯეტის გაზრდით მოხერხდა. გასულ წელს ბიუჯეტიდან თითქმის 4%-მდე დაიხარჯა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ჯანდაცვაზე. ზოგადად ჩვენნაირი ქვეყნისთვის 5-6% მაინც უნდა იყოს საზოგადოებრივი დანახარჯი ჯანდაცვაზე მშპ-თან მიმართებაში, რაც ბიუჯეტის 12-15% არის ხოლმე, ამისკენ მივდიოდით. 2021 პირველი წელი იყო ისტორიაში, როცა საზოგადოებრივმა დანახარჯმა ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში გადააჭარბა ჯიბიდან ამოღებულს (კერძო დანახარჯს).
გასაგებია, ეს კოვიდის ხარჯზე იყოს, მაგრამ ამის შემცირება არ შეიძლებოდა, ისევე როგორც არ უნდა მოხსნოდა დანამატი სამედიცინო პერსონალს. გასაგებია, 2022 წელს კოვიდის მიმდინარეობა უმჯობესდებოდა, მაგრამ ეს ფული ჯანდაცვის სხვა საკითხებზე უნდა დახარჯულიყო. ეს გავაჟღერე საკოორდინაციო საბჭოზე, რომ ნუ შევამცირებთ ჯანდაცვის ბიუჯეტს, სწორი გზით მივდივართ, მაგრამ სამწუხაროდ, მაინც შემცირდა. დღეს ჯანდაცვას სჭირდება დაფინანსების მატება. სერიოზული კამათი მქონდა ამასთან დაკავშირებით ფინანსისტებთან. თუ გვინდა, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა იყოს გამართული, ყველას მიუწვდებოდეს ხელი ჯანდაცვის სერვისებზე, დაფინანსება უნდა გაიზარდოს და ის უკიდურესი მიზნობრიობით დაიხარჯოს (სელექტიური კონტრაქტირება). კორონავირუსის გარდა, ყოველივე ამასთან დაკავშირებით, მე ახალ მინისტრს დაახლოებით 15 პუნქტი ჩემი ხედვისა წარვუდგინე“, - განაცხადა გამყრელიძემ.
წყარო: ipn.ge