დაბალბიუჯეტიანი EasyJet-ის ხელმძღვანელის იოჰან ლანდგრენი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალმა შტამმა "ომიკრონმა" ავიაკომპანიას ჯავშნები შეუმცირა, თუმცა ამ ეტაპზე უჭირს იმის განსაზღვრა ვირუსს რა გავლენა ექნება ავიაკომპანიაზე მთლიანობაში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ EasyJet-ის ხელმძღვანელი მომავალს ოპტიმისტურად უყურებს და ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ წინასწარი ჯავშნები, რომელიც ძირითადად მომავალი წლის ზაფხულისთვის არის დაგეგმილი, არ უქმდება.
BBC-ის ცნობით, ახალი შტამის გამო ისევ წესდება ახალი რეგულაციები მოგზაურობასთან დაკავშირებით. შტამმა, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში იქნა აღმოჩენილი, უკვე იქონია გავლენა British Airways-ის და Virgin Atlantic-ის როგორც მარშრუტებზე, ასევე სერვისებზე.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენის მიუხედავად, EasyJet-ის ზარალმა მიმდინარე წლის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე 1.14 მილიარდი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც 835 მილიონი გირვანქა სტერლინგით მეტია გასულ წლის ზარალთან შედარებით.