მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა - ვალიშვილი

63fddb4380448
შოთა ტყეშელაშვილი
28.02.23 15:30
1153
“სოკარ ჯორჯია გაზის” გენერალურმა დირექტორმა მარიამ ვალიშვილმა BMG-სთან საუბარში განაცხადა, რომ აზერბაიჯანში უკვე დასრულების ეტაპზეა ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, რის შემდეგაც საქართველოს ბაზრისთვის უფრო მეტი კატეგორიის აზერბაიჯანული ნავთობი გახდება ხელმისაწვდომი.

ცნობისთვის, აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევის სახელობის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის რეაბილიტაცია/გაფართოება მიმდინარეობს. SOCAR-ის ინფორმაციით, ქარხანას წელს უკვე ევრო 5-ის სტანდარტის დიზელის წარმოება შეეძლება, წელსვე დაგეგმილია ევრო 5-ის სტანდარტის ბენზინის წარმოებაც დაიწყება.

“რაც შეეხება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებას საქართველოსთვის იმ თვალსაზრისით, რომ როგორც იცით აზერბაიჯანში უკვე დასრულების ეტაპზეა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა და ჩვენ უკვე ველოდებით ახალი პროდუქტების სერიას აზერბაიჯანიდან და შესაბამისად, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ მომხმარებლებს აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტები შევთავაზოთ,”- განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.

შეგახსენებთ, იანვრის განმავლობაში საქართველომ სულ 82 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავი შეიძინა, ამ ნავთობის 69%-ის იმპორტი რუსეთიდან განხორციელდა. შედარებისთვის, გასულ წლის იანვარში რუსეთი იმპორტში რუმინეთის; ბულგარეთის; აზერბაიჯანისა და თურქმენეთის შემდეგ მეხუთე ადგილზე იყო, წელს კი მან პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.

საქართველოში ნავთობის იმპორტი ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

1. რუსეთი - 56.7 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 563%
2. რუმინეთი - 11.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -39%
3. თურქმენეთი - 4.4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -69%
4. საბერძნეთი - 2.5 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 109%
5. თურქეთი - 1.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -43%
6. აზერბაიჯანი - 1.4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -88%.

2022 წელს საქართველომ რუსეთიდან $623 მილიონის ღირებულების 657 ათასი ტონა ნავთობი შეიძინა. ეს წინა წელთან შედარებით 4.6-ჯერ მეტი იყო. გასულ წელს რუსეთზე ნავთობის იმპორტის 47% მოდიოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები