ნატურალური ტკბილეულის - ჩურჩხელის, ტყლაპისა და ჩირის მწარმოებელი კომპანია „ბადაგი“ პროდუქტს ექსპორტზე დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიტანს. როგორც bm.ge-ს კომპანიაში განუმარტეს, ბრიტანეთმა შეკვეთა უკვე გააკეთა და ახალ ბაზარზე ჩურჩხელასა და ტყლაპს დაახლოებით ნოემბრის თვეში გაგზავნიან. რაც შეეხება ამერიკის ბაზარს, ამ ეტაპისთვის პარტნიორებთან მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს.
„აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ექსპორტი უკვე განვახორციელეთ, ახლა დიდ ბრიტანეთში ვაპირებთ გატანას, შეკვეთაც მივიღეთ და საექსპორტო პროდუქციას ვამზადებთ, სავარაუდოდ ნოემბერში უკვე ბრიტანეთის ბაზარზე ვიქნებით, აშშ-სთან კი ჯერ მოლაპარაკებების პროცესი გვაქვს, მოთხოვნა საკმაოდ დიდ მოცულობაზე აქვთ“ - განმარტავენ კომპანიაში.
ინფორმაციისთვის, ბადაგი ჩურჩხელის, ტყლაპისა და ჩირის წარმოებით 2011 წლიდან არის დაკავებული და სრულიად საქართველოს მასშტაბით 9 ფილიალს ფლობს, მათ შორის ერთი წელს თელავში გაიხსნა. კომპანია სამომავლოდ სავაჭრო ცენტრების სრულიად ათვისებას განიხილავს.