ბამბის ნაყინის ქართული ბრენდი „ბამბარა“ მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნის გამო წარმადობის გაზრდას გეგმავს.
სტარტაპის დამფუძნებელი ანი ბურდული BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ მათ გეგმებში აპარატურის დამატება და ახალ სივრცეში გადასვლა შედის.
„ბამბარა“ ადგილობრივ ბაზარზე უკვე ცხრა თვეა ოპერირებს და მომხმარებლებს ბამბის ნაყინს ქოქოსის, მარწყვისა და კევის არომატით სთავაზობს. ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციას სტარტაპერი არ აზუსტებს, თუმცა ამბობს, რომ დანადგარის დამატებით წარმოება გაორმაგდება.
„დღეისთვის თვეში 500 ბამბის ნაყინს ვაწარმოებთ, დამატებითი აპარატის შეძენის შემდეგ კი წარმოება გაორმაგდება, შესაძლოა გავასამმაგოთ კიდეც. აპარატის დამატება 2-3 თვეში იგეგმება და ამის შემდეგ დამატებით 2-3 ადამიანს დავასაქმებთ. კადრების მოძიება უკვე დავიწყეთ“, - აღნიშნავს ანი ბურდული.
აღსანიშნია, რომ „ბამბარას“ შექმნის ისტორია ბავშვობის მოგონებას უკავშირდება. ანი ბურდულმა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას აღნიშნა, რომ მამასთან ერთად ზოოპარკში ბამბის ნაყინის პირველად დაგემოვნება, წლების შემდეგ ბიზნესიდეის ინსპირაციად იქცა. ბრენდის შექმნის საწყისი ინვესტიცია კი 10 000 ლარი იყო.
„მის დასამზადებლად ნედლეული სხვა ქვეყნიდან ჩამოგვაქვს. ამიტომ მისი თვითღირებულება მაღალია და შესაბამისად, ხარისხიც. გამოირჩევა არომატებითა და გემოვნური თვისებებით. ამის თქმის უფლებას მაძლევს ჩვენი მომხმარებელი, რომელიც ჩვენი პროდუქციის შეძენის შემდეგ, კმაყოფილების გამოსახატად გვწერს“, - ამბობს ანი ბურდული გადაცემაში „ქალების ნარატივი“.
„ბამბარამ“ მომხმარებლებს პირველი პროდუქცია „სასაჩუქრე ყუთების“ სახით, 2022 წლის იანვარში წარუდგინა. თავდაპირველად ბამბის ნაყინი სოციალური ქსელის საშუალებით იყიდებოდა, მოგვიანებით კი „ბამბარას“ შეძენა „ნიკორა XL“ -ის ფილიალებშიც გახდა შესაძლებელი.