მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bassiani: "არ ვარ მომხრე, ვაქცინაციის გარეშე ქვეყანაში ღამის კლუბები ამოქმედდეს“

6051e2ac0d85b
მარიამ ადამია
18.03.21 09:45
4996
„არ ვარ მომხრე, ვაქცინაციის გარეშე ქვეყანაში ღამის ცხოვრება ამოქმედდეს“, - ამის შესახებ კლუბ „ბასიანის“ თანადამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „კარგად გააზრებული გეგმის თანახმად, ახლა უნდა შევიმუშაოთ მოდელი, რომელიც ღია ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების საშუალებას მოგვცემს და შემდეგ უკვე სექტემბერში ამ მოდელს დახურულ სივრცეებსაც მოარგებენ“.

მისი თქმით, კლუბები დედაქალაქში არ გაიხსნება PCR თუ სწრაფი ტესტების გარეშე. სწორი და თანამიმდევრული რეგულაციების დამყარებისთვის კი მნიშვნელოვანია კვლევა, რომელიც შემუშავდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების პარალელურად.

„ღამის კლუბის გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ გამოთხოვილი გვაქვს მოდელები და ნიმუშები დიდი ბრიტანეთიდან, ჰოლანდიიდან. გვაქვს მიმოწერა და ვმსჯელობთ, უკეთესად რომელი მოერგება ჩვენს ქვეყანას. აპრილის ბოლოდან კი სატესტო ვერსიების ჩაშვებას ვიწყებთ. გვექნება კვლევა და ვიმედოვნებთ, რომ მის საფუძველზე ივლისიდან ღია ღონისძიებების ჩატარების უფლებას მოგვცემენ“, - აღნიშნა ნაჯა ორაშვილმა.

ამ ეტაპზე არ იცის, თუ რამდენი ადამიანის დაშვება იქნება შესაძლებელი ღია ტიპის ფესტივალებზე და ამასაც კვლევის საფუძველზე დაადგენენ. კლუბ „ბასიანის“ თანადამფუძნებლის თქმით, ღამის კლუბებმა პანდემიის შემდეგ სულ თავიდან უნდა დაიწყონ სიცოცხლე.

“სახელმწიფოს მხრიდან ვითხოვთ მხოლოდ ორ რამეს. პირველი: ვიყოთ აღიარებული, როგორც კულტურის მიმართულება და მეორე: მოგვეცეს საშუალება, თავად გადავწყვიტოთ, როგორ უნდა გავხსნათ კლუბები უსაფრთხოდ ისე, რომ არც ჯანმრთელობის კუთხით შევქმნათ პრობლემა და თან ქვეყნისთვისაც ვიყოთ სასარგებლო“, - განაცხადა ორაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იყო დრო, როდესაც საქართველოში კლუბური ბიზნესი ისე ვითარდებოდა, რომ მოკლე დროში მიღწეულმა წარმატებამ მსოფლიო გამოცემებისა და ღამის ცხოვრების მოყვარულთა უდიდესი ყურადღება მიიპყრო. გარემოფაქტორები ბევრნაირი იყო: ბიზნესმენთა ალღოს, თავდაუზოგავ შრომას ხელი იაფმა იჯარამ, ლოკაციის ფართო არჩევანმა, ახალგაზრდების კრეატიულობამ და უფუნქციო შენობების სიმრავლემ შეუწყო. წარმატებით განვითარებული სფერო კი საუკეთესოდ მუშაობს ტურისტების მოზიდვაზე და ასეც მოხდა. შეუქცევლად იზრდებოდა როგორც ელექტრონული მუსიკის მოყვარულთა რაოდენობა, ასევე არტისტებისა და იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ტურისტები სწორედ ამ მიზნით ჩამოდიოდნენ ჩვენთან და მუსიკას თბილისის მიწისქვეშეთში უსმენდნენ. განვითარების პარალელურად კი საქართველოში წლების განმავლობაში, საკლუბო ბიზნესის წარმომადგენლები მუდმივად წინააღმდეგნი იყვნენ, რომ ამ სექტორში სახელმწიფო თანხები ჩადებულიყო, მაგრამ დღეს პანდემიური კრიზისის პირისპირ დარჩენილ ბიზნესს სხვა გამოსავალი უბრალოდ არ დარჩა.

ამიტომაც თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მერია ღამის კლუბებსა და კლუბებში დასაქმებულ ადამიანებს 2 მილიონი ლარით დაეხმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები