მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბატონო კანცლერო, ჩვენი ხელისუფლება მოტივირებულია, რომ 12-ივე რეკომენდაცია ზედმიწევნით შესრულდეს - ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს

632212f994119
BM.GE
14.09.22 21:40
605
მადლობას ვუხდი ოლაფ შოლცს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ხმამაღლა გამოუცხადა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი, მოტივირებულია, რომ ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრული თორმეტივე რეკომენდაცია მთავრობის მხრიდან ზედმიწევნით და სრულყოფილად იყოს შესრულებული.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპის მომსწრენი ვართ, ვინაიდან სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რომელზეც რამდენიმე თვის წინ უბრალოდ ვერც ვიოცნებებდით, ვინაიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ომი. მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ კანცლერს. თქვენ რამდენიმე დღის წინ ხმამაღლა გამოუცხადეთ მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად.

ბატონო კანცლერო, ჩვენ ვისაუბრეთ ამის თაობაზე და კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ დავადასტურო, რომ მმართველი გუნდი, ჩვენი ხელისუფლება არის აბსოლუტურად მოწოდებული, მოტივირებული, რომ ყველა, თორმეტივე რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ევროპული საბჭოს მიერ, იქნას შესრულებული ზედმიწევნით, სრულყოფილად, ჩვენი მთავრობის მხრიდან.

ასევე მინდა გითხრათ, ამის თაობაზე ბატონ კანცლერს მივაწოდე ინფორმაცია, ჩვენ კარი გავუღეთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ქართული პოლიტიკის ყველა აქტორს, რომ მათაც მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, ვინაიდან მთავრობას, ხელისუფლებას დასჭირდება ყველას ჩართულობა, მათ შორის ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები