მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბათუმი წლევანდელ ზამთარს ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ხალხმრავალი იქნება“ - „აჭარა ტური"

63aa996207341
თათია ჩაფიჩაძე
27.12.22 12:22
863
ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ და რესტორან „აკროპოლეს“ დამფუძნებლის ირაკლი თავართქილაძის თქმით, ბათუმი ახალ 2023 წელს როგორც მიგრანტების, ისე ტურისტების გაზრდილი რაოდენობით ხვდება. „საქმიანი დილის“ ეთერში თავართქილაძემ აღნიშნა, რომ ქალაქში ამჟამად დამატებით 15 ათასით მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ აქტივობას უზრუნველყოფს.

2022 წლის შეჯამებაზე საუბრისას თავართქილაძემ აღნიშნა, რომ უკრაინული ბაზრის სრულად დაკარგვის ფონზე, რომელიც 40%-ს შეადგენდა, წელს რეგიონმა 2019-წლიან მაჩვენებლებზე გასვლა მოახერხა.

„ქალაქში იგრძნობა ხალხმრავლობა, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც რამდენიმე თვეა საცხოვრებლად რუსეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან გადმოვიდნენ. ამას ემატება ტურისტები თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ბევრი სტუმარი ჩამოვიდა ირანიდან, არაბული ქვეყნებიდანაც და მოლოდინია, რომ საახალწლოდ დიდი დატვირთულობა იქნება.

თუ ბათუმის გასართობ ცენტრებს, ბარებს, რესტორნებს, სავაჭრო ცენტრებს ჩამოვივლით, ვნახავთ, რომ ყველგან დიდი მოძრაობა და ეკონომიკური აქტივობაა. წინასაახალწლოდ ყველა რესტორანი ფაქტობრივად დაჯავშნილია, ვფიქრობ, ერთობლიობაში ეს ყველაფერი ჩვენი ქალაქისთვის წამახალისებელია", - განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.

მისივე თქმით, აქტივობა გაზრდილია გოდერძიზეც, სადაც სასტუმროები ახალი წლისთვის შევსებულია.

"ეპიცენტრი იქნება ბათუმი, მაგრამ შარშანდელთან შედარებით მათ შორის ქობულეთშიც, გონიოშიც, ჩაქვშიც და ციხისძირშიც იქნება აქტივობები, რაც წინა წლებში საერთოდ არ იყო. კვების ობიექტები ძირითადად ზამთარში იხურებოდა ხოლმე, წელს ასე არ არის", - დასძინა მან.

პარალელურად, "აჭარა ტურის" დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მძიმედ დაეტყო რეგიონს და ტურისტულ კომპანიასაც. "მოგეხსენებათ, რომ აჭარაში ტურისტების 40% უკრაინიდან იყო, ამიტომ ეს იყო ძალიან დიდი დანაკარგი, მაგრამ ამის მიუხედავად, მოხერხდა ახალ ქვეყნებზე გადაწყობა, გააქტიურდნენ მოგზაურები არაბული ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთიდან და ირანიდან. ისრაელიდან გაორმაგებული იყო ფრენების რაოდენობა და ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მივუახლოვდით 2019 წლის მაჩვენებლებს. ალბათ ბოლო 10 წლის განმავლობაში ბათუმი წლევანდელ ზამთარში იქნება ყველაზე აქტიური, ხალხმრავალი და ტურისტულად სავსე.“ - განაცხადა თავართქილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები