საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბათუმის სტადიონის ფასადის კონცეფცია გაასაჯაროვა.
როგორც ფედერაციის Facebook–ის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, სტადიონის განათების ფერები, მოძრაობა და ანიმაცია დამოკიდებულია ღონისძიების ფორმატსა და შინაარსზე.
"მისი უნივერსალურობა საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა სახის ღონისძიებას შესაბამისი გარე განათება შეეხამოს", – განმარტავენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების ახალი საფეხბურთო სტადიონის გახსნა მიმდინარე წელს იგეგმება. სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ობიექტის მშენებლობა 100 მლნ ლარი ჯდება. სამუშაოებს კომპანია "ანაგი" ახორციელებს.