ბათუმში, ანბანის კოშკთან მასშტაბური ბათუმის ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალი 8 ივლისს დაიწყო და 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ბათუმის ფესტივალს საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია ლისინ ჯგუფი ატარებს. ფესტივალის ერთ–ერთი ორგანიზატორის და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თათული ჯანჯღავას თქმით, ფესტივალის ფარგლებში საქართველოს და უკრაინის 400-მდე მოქალაქე დასაქმდა.
მისივე თქმით, ფესტივალი 6 ზონას აერთიანებს: ღია კინოთეატრი, საბავშვო გასართობი ზონა, საშოპინგო ზონა, საკვები ზონა, გასართობი ზონა, ბარების ზონა. ასეთი მასშტაბური ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება. ფესტივალზე უკვე 400–მდე საქართველოსა და უკრაინის მოქალაქე დასაქმდა და ეს პროცესი ისევ გრძელდება.
ჯანჯღავას თქმით, ახალგაზრდებისთვის ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა დასაქმდნენ ზაფხულის მანძილზე.
„ჩვენი კომპანიის მიზანია, ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა, ზაფხულის მანძილზე საკუთარი შემოსავალი გამოიმუშავონ. ამასთან, გვინდა, რომ ახალგაზრდება ამ დროის მანძილზე, მცირე ბიზნესებთან და მეწარმეებთან მუშაობით, თვითონაც მიიღონ მსგავსი ცოდნა და გამოცდილება", - განაცხადა ჯანჯღავამ.
როგორც ის ამბობს, ფესტივალის მანძილზე ვიზიტორებს საშუალება აქვთ, სხვადასხვა აქტივობით დაკავდნენ, მათ შორის კი მოუსმინონ როგორც ადგილობრივი, ასევე უკრაინელი დიჯეებისა და მომღერლების უფასო კონცერტებს.
ერთ-ერთი უკრაინელი დიჯეი, რომელიც ბათუმის ფესტივალის განმავლობაში მსმენელის წინაშე წარსდგება, ანასტასია სავჩინია, სასცენო სახელით Emily Sai. ანასტასია ბათუმში წელიწადნახევარია ცხოვრობს.
„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩავრთულიყავი ასეთ საინტერესო პროექტში. მსურს, რომ მეტად გავეცნო ქართულ კულტურას და მსმენელს გავუზიარო ზღვა ემოცია. უკრაინელების ჩართულობა ამ ფესტივალზე გვეხმარება საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს და ასევე საქველმოქმედო კუთხითაც შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ფესტივალის ოფიციალური გახსნა 16 ივლისსაა დაგეგმილი. გახსნის ფარგლებში სხვადასხვა შემსრულებლები წარსდგებიან, მათ შორის: თამადა, სოფო ხალვაში, ანსამბლი არსიანი, ბენდი სისაიდი, DJ Tobako Tween და ადგილობრივი DJ-ები: ბექა კალანდაძე, ბენე, ჩიკი და Goldman.
(რ)