მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში კენკროვანი კულტურების საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს

63219637a48e5
BM.GE
14.09.22 20:30
545
14-15 სექტემბერს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა თიბისისთან პარტნიორობით, ბათუმში, კენკროვანი კულტურების საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს.

ფორუმი დარგის სპეციალისტებს და ექსპერტებს შეკრებისა და გამოწვევების განხილვის საშუალებას აძლევს, რაც ხელს შეუწყობს კენკრის ადგილობრივი ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და საქართველოს, როგორც კენკრის მწარმოებელი ქვეყნის, პოზიციის გაძლიერებას.

ფორუმის მონაწილე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები (სერბეთიდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან, პოლონეთიდან) ერთმანეთს გამოცდილებას კენკროვანი კულტურების მოყვანის მეთოდებზე გაუზიარებენ. ამასთან ისინი, თანამედროვე აგროტექნოლოგიებზე, კენკროვანი კულტურების მწარმოებელთა წინაშე მდგარ პრობლემებზე და კენკრის ექსპორტის შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.  

ასევე, განიხილავენ იმ მარკეტინგულ ინსტრუმენტებს, რომლებიც კენკროვანი კულტურების სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად შეიძლება იყოს გამოყენებული. ფორუმის მონაწილეები გაეცნობიან კენკროვანი კულტურის დაფინანსების საუკეთესო მექანიზმებს და მიიღებენ ინფორმაციას საუკეთესო პრაქტიკებსა და მხარდაჭერაზე.

ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები და კენკრის მწარმოებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები