მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბენეფიციარებმა ევროპული ყველის სახეობების ახალი ვარიაციების შექმნა შეძლეს“ – FAO-ს პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთში

640db0f9bb1bb
BM.GE
12.03.23 15:11
621
FAO-მ სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრები მერძევე ქალი ფერმერების ხელშემწყობი პროექტის შუალედური ღონისძიება გამართა. FAO პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით. ღონისძიება მიზნად ისახავდა პროექტის შუალედური შედეგების პრეზენტაციასა და მერძევე ქალი ფერმერების მხარდაჭერას.
პროექტის თორმეტმა ქალმა ბენეფიციარმა წარადგინა ქართული და ევროპული დაძველებული ყველის სახეობები, რომელთა გარკვეული ნაწილი სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის დამახასიათებელი სანელებლებითაა შექმნილი. საკუთარი რძის ნაწარმით, მერძევე ქალი ფერმერები კონკურსშიც ჩაერთნენ. მათი პროდუქტი შეაფასა FAO-ს, SDC-ისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჟიურიმ. სამ გამარჯვებულს სამადლობელი სიგელები გადაეცა.

ამასთან, ღონისძიების თორმეტივე მონაწილე ფერმერმა სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებთან ბიზნესურთიერთობებზე საუბარიც დაიწყო.

ამასთანავე, SDC-ის მხარდაჭერილი პროექტის შედეგების შუალედურ წარდგენას FAO-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის გუნდის წევრები გაუძღვნენ და რეგიონში ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. აქცენტი გაკეთდა პროექტის დადებით გავლენაზე ქალთა გაძლიერების მხრივ, რაც ცოდნის გაზიარებითა და რესურსებზე გაუმჯობესებული წვდომით მოხერხდა.

“SDC, FAO და გაეროს ქალთა ორგანიზაცია ერთობლივად ახდენენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რძის პროდუქტის წარმოების მდიდარი კულტურული და სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. პროექტის ქალმა ბენეფიციარებმა არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული ყველის სახეობების გადააზრება და მათი ახლებური ვარიაციების შექმნა შეძლეს. შთამბეჭდავია, რომ ხუთზე ნაკლები ძროხის მფლობელ ქალ ფერმერებს შეუძლიათ ასეთი მაღალი ხარისხის ყველის წარმოება და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ასეთ მოკლე დროში გაუმჯობესება. ყველანი ვამაყობთ, რომ ამ წარმატებაში წვლილი მიგვიძღვის და გვსურს მეტი წარმატების მიღწევა. დღეს, ამ არაჩვეულებრივი ყველის სახეობებს საზოგადოებას ვაცნობთ და პროექტის ბენეფიციარებს ვეხმარებით მყიდველებთან კავშირების დამყარებაში. ყოველივე ეს ჩვენი პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ეფექტურობას გაზრდის და სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრები 400-ზე მეტი ქალის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა FAO-ს პროგრამის კოორდინატორმა ხავიერ სანს ალვარესმა.

400-ზე მეტმა ქალმა ფერმერმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში დაარსებულ 20 ფერმერთა საველე სკოლაში უკვე გაიარა ყველის წარმოების ტრენინგი. ფერმერთა საველე სკოლები ქალ ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს დემონსტრაციებითა და ექსპერიმენტების ჩატარებით შეისწავლონ ყველის წარმოება 20 შერჩეული ლიდერი ფერმერისგან, FAO-ს ვეტერინარებისა და კვების ტექნოლოგების ზედამხედველობით.

პროექტი „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ SDC-ის დაფინანსებით FAO და გაეროს ქალთა ორგანიზაცია 2020 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის 30 სექტემბრამდე ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები