ფრანგი მილიარდერი ბერნარ არნო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. მისი ქონების მოცულობამ $137 მილიარდს მიაღწია მას შემდეგ, რაც კომპანია LVMH-ის აქციები მკვეთრად გაიზარდა.
მხოლოდ ორშაბათს არნომ თავის ქონებას დამატებით $7 მილიარდი შემატა. ცნობისთვის, მას შემდეგ რაც Pfizer-მა თავისი ვაქცინის 90%-იანი ეფექტურობის შესახებ განაცხადა, ძვირადღირებული და ფუფუნების ნივთების მწარმოებელი კომპანიების აქციებმა ზრდა დაიწყო.
ევროპის უმდიდრესი ადამიანი, ბერნარ არნო LVMH-ის ხელმძღვანელია, აღნიშნულ კონგლომერატში შედის ისეთი ბრენდები, როგორიცაა Louis Vitton-ი, Christian Dior-ი და Moet & Chandon-ი.
ბოლო ორ კვირაში ქონების მნიშვნელოვანი ზრდის შედეგად, Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში არნო ახლა მეორე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე კი ტრადიციულად ჯეფ ბეზოსია $184 მილიარდით. ამ დრომდე ბილ გეითსი იყო მეორე ადგილზე $119 მილიარდით.