მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბეტონის ქართული ნიჟარები - Lefform Concrete Georgia-მ $40 000-ით საწარმო აამოქმედა

61015f3ab0755
ვიქტორია მღებრიშვილი
29.07.21 09:45
3802
რუსთავში, მიმდინარე წლის ივლისში, 490 კვ.მ. საწარმოო ფართში, 40 000 დოლარის ინვესტიციით კომპანიამ Lefform Concrete Georgia, ბეტონის ხელსაბანი ნიჟარების წარმოება აამოქმედა.

ნიჟარები გერმანული 1 000-მარკიანი, მაღალი ხარისხის დეკორატიული ბეტონისგან მზადდება, რომელიც ხიდებისა და წყალქვეშა გვირაბები გამაგრებაში და ასევე აეროპორტების ბილიკების დასაგებად გამოიყენება.

„ეს უმაღლესი ხარისხის მასალისგან, ჩემი დიზაინით შექმნილი ადგილობრივი წარმოების ნიჟარებია“, - აცხადებს BM.GE-სთან საუბრისას კომპანია Lefform Concrete Georgia-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, აქიტექტორ-დიზაინერი ნიკა ლეფსაია.



მეგობრებმა და დღეს უკვე ბიზნეს პარტნიორებმა 15-წლიანი გამოცდილების მქონე არქიტექტორ-დიზაინერმა ნიკა ლეფსაიამ და საწარმოს მართვის 8-წლიანი გამოცდილების მქონე დავით ახვლედინმა საქმიანობის დაწყებამდე ბაზარი დეტალურად შეისწავლეს და საკუთარი საწარმოს ამოქმედებაც სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს, თუმცა ნიკა ლეფსაია იხსენებს, რომ ბეტონის ნიჟარების წარმოების იდეა წლების წინ გაუჩნდა.

„დღეს მსოფლიოში ბეტონი ინტერიერში ძალიან ტრენდულია და მისი ვიზუალი არქიტექტურასა და ინტერიერში ძალიან მოთხოვნადია. ბეტონის ნიჟარების წარმოების იდეა ჯერ კიდევ 2016 წელს გამიჩნდა, როცა კლიენტისთვის 900 ევროდ 1 ხელსაბანი ნიჟარა იტალიიდან ჩამოვიტანეთ, მაშინ ვიფიქრე - რატომ არ შეიძლებოდა მეწარმოებინა ამ ტიპის, ამ ხარისხის პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე. პირველი ნიჟარა სახლში მეგობრების დახმარებით კუსტარულად ჩამოვასხით და ჯამში, სულ 8 ცალი ნიჟარა ვაწარმოეთ. თითოეული ნიჟარა 250 ევროდ გაიყიდა“, - იხსენებს ნიკა ლეფსაია.

დღეისთვის კი Lefform Concrete Georgia-ს საწარმო კვირის განმავლობაში 6 სახეობის 10-10 ცალ ნიჟარას ამზადებს და 5 ადამიანს ასაქმებს, თუმცა ნიჟარების გარდა ქარხანაში მოსაპირკეთებელი ფილებიც იწარმოება, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება. უახლოეს მომავალში კი Lefform Concrete Georgia როგორც ინტერიერისთვის, ასევე ექსტერიერისთვისაც ბეტონის მაგიდების წარმოების დაწყებას გეგმავს.



„მოთხოვნიდან გამომდინარე ქარხნის წარმადობა აუცილებლად გაიზრდება, რადგან გაყიდვების მიმართულებით სულ რამდენიმე კვირაა რაც გავაქტიურდით და ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა ნიჟარებზე საკმაოდ დიდია“, - განმარტავს კომპანიის დირექტორი.

ამ ეტაპზე Lefform Concrete Georgia ბაზარზე პარტნიორებს ეძებს და რიგ მაღაზიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. შედეგად, კომპანიის ფეისბუქ და ციფრული არხების გარდა ქართული წარმოების ხელსაბანი ნიჟარების შეძენა, მსურველებს მაღაზიებშიც შეეძლებათ, თუმცა რომელში ამას ნიკა ლეფსაია ჯერ ვერ აკონკრეტებს.



ქართული წარმოების ბეტონის ნიჟარები პრემიუმსეგმენტზეა გათვლილი და მისი ღირებულება 600-დან 1 300 ლარამდეა.

„ბაზრის კვლევის მიხედვით, საქართველოში ჩვენი ხარისხის პროდუქტი ძალიან მცირე რაოდენობით იყიდება და ისიც იმპორტირებულია. ჩვენ მაღალი ხარისხითა და დაბალი ფასებით შევძლებთ იმპორტირებული პროდუქტისთვის კონკურენციის გაწევას და თავის დამკვიდრებას. შესაძლოა, ბეტონის ნიჟარა ბევრს იაფფასიანი პროდუქტი ეგონოს, თუმცა ბეტონიდან საბოლოო პროდუქტის მისაღებად საკმაოდ დიდი ხარჯების გაწევა და ენერგიაა საჭირო“, - განმარტავს ნიკა ლეფსაია.

საწყისი 40 000-დოლარიანი ინვესტიციის შემდეგ პარტნიორები ბიზნესგაფართოებას და Lefform Concrete Georgia-ს პროდუქციის გატანას ექსპორტზეც გეგმავენ.

„წარმადობის გაზრდას მაშინვე შევძლებთ, როცა კონკრეტული დიდი მოცულობის შეკვეთა შემოვა და შემოსული ფინანსების ბიზნესს ჩაბრუნებას შევძლებთ“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები