2020 წლის 14 თებერვალს თბილისის მერიამ განაცხადა, რომ "სითი პარკთან" დავა შეწყდა. მერიის განმარტებით, მათ კომპანიას 4,300,000 აშშ დოლარი გადაუხადეს, სანაცვლოდ კი "სითი პარკის" კუთვნილი მატერიალური აქტივები მიიღეს, მათ შორის, კომპანიის კუთვნილი ევაკუატორები და სამკერდე კამერები.
იურიდიული კომპანია BGI Legal-ის განცხადებით, ისინი აღნიშნულ დავაში "სითი პარკს" წარმოადგენდნენ და კომპანიას თბილისის მერიასთან მრავალმილიონიანი დავის მორიგებით დასრულებაში დაეხმარნენ.
"ბიჯიაი ლეგალი წარმოადგენდა სითი პარკს, რომელიც თბილისის მერიასთან ხელშეკრულების საფუძველზე ექსკლუზიურად მართავდა დედაქალაქში პარკირების სფეროს. ამ ტიპის საქმიანობა საქართველოში პირველად ხორციელდებოდა, რაც გაუკვალავ სამართლებრივ სივრცეში მანევრირებას და ნოვატორულ მიდგომებს საჭიროებდა.
"სითი პარკის" წინააღმდეგ წარმოებული ორგანიზებული კამპანია მოიცავდა საგადასახადო და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა ორგანოს მიერ კომპანიის მიმართ მრავალმხრივ შეტევას, რაც დასრულდა თბილისის მერიის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტით 2018 წლის გაზაფხულზე, რასაც მოყვა არაერთი დავა ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებთან. სამართლებრივი მექანიზმებისა და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ფართომასშტაბიანი შეთანხმება შედგა "სითი პარკსა" და თბილისის მერიას შორის. სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ წარმოებული დავების შეწყვეტისა და გარკვეული აქტივების სატრანსპორტო კომპანიისთვის გადაცემის სანაცვლოდ კომპანიამ მიიღო მრავალმილიონიანი კომპენსაცია.
„მოხარული ვართ, რომ წარმატებით შევძელით "სითი პარკის" სამართლებრივი პოზიციის დაცვა და რომ სახელმწიფო უწყებებთან მიმდინარე კომპლექსური დავები მორიგებით დასრულდა ჩვენი კლიენტის ინტერესების დაკმაყოფილებით,“ აღნიშნა გიორგი სარაჯიშვილმა, ბიჯიაი-ს იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელმა, რომელიც უძღვებოდა "სითი პარკის" მიერ წარმოებულ საქმეებს.
BGI (ბიჯიაი) წამყვანი იურიდიული ფირმაა საქართველოში, რომლის გუნდიც 2 ათეულ წელზე მეტია აღიარებულია, როგორც იურიდიული ბაზრის ლიდერი ყველა საერთაშორისო იურიდიული კვლევითი ცნობარის მიერ, სამართლის ყველა სფეროში. ფირმა და მისი პარტნიორები და იურისტები უმაღლეს რეიტინგებს იმსახურებენ 2005 წლიდან. ფირმის დამფუძნებელი პარტნიორები არიან ზაზა ბიბილაშვილი და ლაშა გოგიბერიძე. ფირმის პარტნიორები არიან სანდრო ბიბილაშვილი და უნანა გოგოხია,"- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.