"2011 წელს პოლიტიკაში მოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთში კუთვნილ ბიზნესს გაასხვისებდა, რათა ქართულ საზოგადოებაში არ გაჩენილიყო ზედმეტი კითხვები. რუსეთში მის სახელზე პირდაპირ რიცხული აქტივები ივანიშვილმა მართლაც გაყიდა, თუმცა, წინამდებარე კვლევით დადგინდა, რომ იგი 2012-2019 წლებში საკუთარი ოფშორული კომპანიების მეშვეობით მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას მაინც ფლობდა, რაც შვილობილი და დაკავშირებული კომპანიების კიდევ უფრო ფართო ქსელის ნაწილია. დღეის მდგომარეობით კი, ბიძინა ივანიშვილს იგივე სქემით სულ მცირე 1 კომპანია აქვს რუსეთში – შპს „აკვა-სფეისი“ (ООО Аква-Спейс). ამით დგინდება, რომ მან, ფაქტობრივად, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.
გარდა ამისა, რუსეთში აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც, რომლებსაც საერთო კომპანიები რუსეთის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებთან გააჩნიათ, და ეს თავად ივანიშვილის ბიზნესინტერესებად შეიძლება განვიხილოთ. აღნიშნულ ფაქტზე ქართულ მედიაში („ტვ პირველი“, „ფორმულა“) ადრეც იყო საუბარი. სიახლე აქ ისაა, რომ დასავლეთის მიერ რუსეთის დასანქცირების შემდეგ, ივანიშვილის ნათესავების ერთ-ერთი ბიზნეს პარტნიორი სანქცირებულთა სიაში მოხვდა.
უფრო კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს კომპანია „გეო ორგანიკსის“ გავლით საერთო ბიზნესი აქვთ აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ „კაგებეს“ (სსრკ-ის „სუკ“-ის) გენერალ და სანქტ-პეტერბურგის ყოფილ გუბერნატორ გეორგი პოლტავჩენკოსთან და ასევე, ვოლგოგრადის ყოფილ გუბერნატორ როლანდ ხერიანოვთან, რომლის მეუღლეც, სახელმწიფო დუმის ყოფილი წევრი და ცნობილი პროპაგანდისტული ვიდეოს – „ბიძია ვოვა, ჩვენ შენთან ვართ“ – ავტორი ანნა კუვიჩკოა.
რა გზებით ფლობს ბიძინა ივანიშვილი ბიზნესს რუსეთში
1. ოფშორული კომპანიები – რუსეთში ბიზნესს ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიების საშუალებით ფლობს. ანალოგიურ სქემას ის საქართველოშიც იყენებს, სადაც რამდენიმე ათეულ კომპანიას ისე ფლობს, რომ მისი სახელი პირდაპირ არსად ჩანს. ამ ეტაპზე ჩვენ შევძელით 3 ოფშორული კომპანიის გამოვლენა (Vanity Overseas Limited, Wellminstone S.A. და Wenigen Management Limited), რომელთა გამოყენებითაც ივანიშვილი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა ბიზნესს რუსეთში. თუმცა, ეს სრული სურათის მხოლოდ მცირე ნაწილია, რადგან ბიძინა ივანიშვილის მიერ გასხვისებული რუსული კომპანიების ამჟამინდელ მეწილეებს შორის კიდევ 20-ზე მეტი ოფშორული კომპანია ფიგურირებს, რომლებმაც ივანიშვილის წილები მას შემდეგ გადაიბარეს, რაც მან რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ კომპანიების კვლევა.
2. ნათესავები – მეორე გზა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს ბიზნესინტერესები რუსეთში, მისი ნათესავების სამეწარმეო საქმიანობაა. ბიძინა ივანიშვილი მის ნათესავებს ხშირად ანდობს მისი ინტერესების წარმომადგენლობასა და კომპანიების მართვას. ივანიშვილი ნათესავებს სახელმწიფო საკითხების მოგვარებაშიც რთავდა, რითაც მტკიცდება მათ მიმართ მისი განსაკუთრებული ნდობა. მაგალითად, ცნობილია, რომ უჩა მამაცაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია. იგი იყო როგორც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდ სს „საპარტნიორო ფონდის“ დირექტორის მოადგილე, ისე ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული კერძო ფონდის – „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მმართველი კომპანიის მეწილე.
ასევე საინტერესოა რომ, ბიძინა ივანიშვილის საქართველოში მოქმედი ოფშორული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი მისი დისშვილი, კახა კობიაშვილია. შესაბამისად, ივანიშვილის ნათესავების სამეწარმეო საქმიანობა რუსეთში ასევე უნდა განვიხილოთ მის ბიზნესინტერესად. ამასთან, ძნელად წარმოსადგენია, რომ ბიძინა ივანიშვილის გავლენების გარეშე მოახერხეს მისმა ნათესავებმა წარმატებული ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბება რუსეთის გავლენიან პოლიტიკოსებთან, რომლებმაც ამავდროულად ე.წ. „კრიშის“ ფუნქციაც შეიძლება შეასრულონ.
3. წარმომადგენლები – როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ბიზნესსა და აქტივებს ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობითაც მართავს. მაგალითად, შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან ბერმუდის უზენაეს სასამართლოში არსებული საქმის მასალებში სხვადასხვა დროს ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ წარმომადგენლებად ნახსენები არიან შემდეგი ადამიანები:
ირაკლი ღარიბაშვილი (მოქმედი პრემიერმინისტრი);
ირაკლი ქარსელაძე (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოქმედი მინისტრი);
გიორგი ბაჩიაშვილი (საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე); და
ზვიად ხუხუნაშვილი („ქართუ ბანკის” ფასიანი ქაღალდების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი).
ის ფაქტი, რომ წარსულში ბიძინა ივანიშვილის პირადი ქონების განმკარგავი ადამიანები დღემდე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობებს იკავებენ, მხოლოდ ამძაფრებს იმ ეჭვს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებები შესაძლოა მათი ყოფილი დამსაქმებლის ინტერესებზე იყოს მორგებული.
ბიძინა ივანიშვილის კომპანიები რუსეთში
ბიძინა ივანიშვილს ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების საშუალებით დღესაც აქვს ბიზნესინტერესები რუსეთში. კერძოდ, მისი 3 ოფშორული კომპანია 2012-2019 წლებში, მათ შორის ივანიშვილის პრემიერმინისტრობის დროს, მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას ფლობდა; ამ ოფშორებიდან ერთ კომპანიას დღესაც აქვს აქტიური ბიზნესი როგორც რუსეთში, ისე საქართველოში.
შპს „აკვა-სფეისი“
დღეის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილი, მისი ოფშორული კომპანია „ვენითი ოუვერსიზ ლიმითედის“ (Vanity Overseas Limited) მეშვეობით რუსეთში ფლობს შპს „აკვა-სფეისს“ (ООО Аква-Спейс). შპს „აკვა-სფეისი“ Vanity Overseas Limited-მა 1997 წელს დააფუძნა და 2015 წლიდან 100%-იანი წილის მფლობელია. შპს „აკვა-სფეისი“ დღემდე აქტიურია და მისი საქმიანობის სფეროებს შორისაა: არასაცხოვრებელი შენობების ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება-მართვა, ასევე ინვესტიციები ფასიან ქაღალდებში, საწესდებო კაპიტალში, არასაცხოვრებელი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ეტაპზე სხვადასხვა საშუამავლო მომსახურება და ა.შ.
2015 წლიდან კომპანიის გენერალური დირექტორია ოლგა ბოროვიკოვა (Боровикова Ольга Анатольевна), რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთში მისი აქტივების სამართავად დაფუძნებული კომპანია „უნიკორის“ (Уникор) სამართალმემკვიდრის, შპს „დოლგოვოე აგენსტვოს" (ООО Долговое Агентство) დირექტორიცაა.
2013 წლის ივნისში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერმინისტრი იყო, შპს „აკვა-სფეისს" რუსეთში ორი კომპანია შეერწყა: შპს „ენტერპრაიზის სერვისი" (ООО Энтерпрайзис Сервис) და შპს „პრესტიჟ მარკეტი" (ООО Престиж Маркет), ხოლო 2014 წელს კიდევ ერთი კომპანია – შპს „ტრანსფორმინგ ჯგუფი" (ООО Группа Трансформинг) შეუერთდა.
საინტერესოა, რომ Vanity Overseas Limited რუსეთის პარალელურად, საქართველოშიც ფლობს ანალოგიური საქმიანობისა და სახელწოდების კომპანია შპს „აკვა ცენტრს“, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა და რომლის დირექტორიც ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილია. კახა კობიაშვილი ბიძინა ივანიშვილის საქართველოში მოქმედი ოფშორული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელია.
შპს „სამრეწველო ალიანსი ტექგლობალი" (ООО ПА ТехГлобал) და მასთან გაერთიანებული 7 კომპანია
2015 წლამდე ოფშორული კომპანია „ველმინსტოუნ ეს.ეი.“ (Wellminstone S.A.)-ის გავლით ბიძინა ივანიშვილი ფლობდა რუსულ კომპანიას შპს „სამრეწველო ალიანსი ტექგლობალი" (ООО ПА ТехГлобал), რომელსაც 2014 წელს შეერწყა Wellminstone S.A.-ის კიდევ ერთი კომპანია შპს „რესურსფიუჩერსი" (ООО Ресурсфьючерс). ამ უკანასკნელს, თავის მხრივ, 2008 წლის 31 ივლისს შეერწყა Wellminstone S.A.-ის კიდევ 6 კომპანია: შპს „ტრანსფინანსაქტივი“ (ООО ТрастФинансАктив), შპს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფინანსურ-ანალიტიკური ჯგუფი“ (ООО ФГ ЦБ), შპს „მეტპრომ ჰოლდინგი“ (ООО МетПром Холдинг), შპს „ტელეკომქსელი“ (ООО Телекомсеть), შპს „სპეცპრომტრანსი“ (ООО СпецПромТранс), და შპს „სერვისტექალიანსი“ (ООО СервисТехАльянс).
„ველმინსტოუნ ეს.ეი.“ (Wellminstone S.A.)-თან ბიძინა ივანიშვილის კავშირს (ბენეფიციარული მესაკუთრეობა) ადასტურებს სინგაპურის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის გადაწყვეტილება. Wellminstone S.A.-ი რუსეთში 2000-იანი წლებიდან მოყოლებული არაერთი კომპანიის დამფუძნებელი და მეწილე იყო.
შპს „ფირმა ავეკი" (ООО Фирма АВЕК), შპს „ტერსი" (ООО ТЕРС), შპს „კმა-ჰოლდინგტრანსი" (ООО КМА-Холдингтранс), და შპს „მკ-ჰოლდინგი" (ООО МК-Холдинг)
ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ოფშორული კომპანია „ვენიგენ მენეჯმენტ ლიმიტედი“ (Wenigen Management Limited) ასევე აქტიურად აარსებდა და ფლობდა კომპანიებს რუსეთში. ამ კომპანიის გავლით 2012-2019 წლებში ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ფლობდა წილებს მინიმუმ 4 კომპანიაში: შპს „ფირმა ავეკი" (ООО Фирма АВЕК) – 2019 წლის ივნისამდე, შპს „ტერსი" (ООО ТЕРС) - 2015 წლის ნოემბრამდე, შპს „კმა-ჰოლდინგტრანსი" (ООО КМА-Холдингтранс) – 2015 წლის ივნისამდე, და შპს „მკ-ჰოლდინგი" (ООО МК-Холдинг) – 2013 წლის ნოემბრამდე. ამასთანავე, შპს „ტერსს“ (ООО ТЕРС), თავის მხრივ, 2010 წელს შეუერთდა კიდევ ერთი კომპანია შპს „ჟელეზორუდნი ჰოლდინგი“ (ООО Железорудный Холдинг), რომელსაც მანამდე ასევე ფლობდა აღნიშნული ოფშორი.
ზემოხსენებული კომპანიები დაკავშირებულია შვილობილი კომპანიების კიდევ უფრო ფართო ქსელთან, რომელიც სხვადასხვა ფორმით ისევ Wenigen Management Limited-ს უკავშირდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ კომპანიების შესწავლა.
ბიძინა ივანიშვილის ნათესავების ბიზნესინტერესები
რუსეთში აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც, რაზეც ქართული მედია ადრეც იუწყებოდა. ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა როგორც „ტვ პირველმა“, ისე ტელეკომპანია „ფორმულამ“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაცია. ქვემოთ წარმოგიდგენთ გაერთიანებულ სქემას (იხ. სურათი) და დამატებით ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის ნათესავების რუსული ბიზნესკავშირების შესახებ.
უჩა მამაცაშვილის საერთო ბიზნესი სანქტ-პეტერბურგის ყოფილ გუბერნატორთან (2011-2018 წწ.) და სანქციების ქვეშ მყოფ გეორგი პოლტავჩენკოსთან – ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილს რუს მაღალჩინოსან და ამჟამად სანქციების ქვეშ მყოფ გეორგი პოლტავჩენკოსთან საერთო ბიზნესი აქვს, რომელიც მათ შვილებზეა გაფორმებული. 2021 წლის 27 ნოემბერს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა საგამოძიებო სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, უჩა მამაცაშვილის 20 წლის ვაჟი ტატე მამაცაშვილი ფლობს რუსული კომპანია „გეო ორგანიკსის“ 25%-ს (2021 წლის თებერვლიდან), ამავე კომპანიის 10% კი ეკუთვნის გეორგი პოლტავჩენკოს ვაჟს ალექსეი პოლტავჩენკოს (2021 წლის აგვისტოდან). აღნიშნული რუსეთის სამეწარმეო რეესტრის დოკუმენტებით დასტურდება.
დადასტურებული ინფორმაციით, გეორგი პოლტავჩენკო სანქტ-პეტერბურგის ყოფილი გუბერნატორი (2011-2018), „კაგებეს“ (სსრკ-ის „სუკ“-ის) გენერალი და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია. 2018 წლიდან პუტინმა პოლტავჩენკო უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიის – სს „გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. აღნიშნული კავშირები იმიტომაცაა პრობლემური, რომ გეორგი პოლტავჩენკო 2022 წლის 7 აპრილიდან ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ არის, ხოლო „გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია“ სანქცირებულია აშშ- ის, ევროკავშირის, შვეიცარიის, კანადის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის მიერ.
„გეო ორგანიკსი“ – კომპანია ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებსა და კოსმეტიკურ საშუალებებს აწარმოებს და დიდ ბრიტანეთში, საქართველოსა და რუსეთშია წარმოდგენილი. კომპანია თავდაპირველად რუსეთში შეიქმნა (22.06.2017), შემდეგ საქართველოში (24.07.2017) და ბოლოს – დიდ ბრიტანეთში (19.12.2018).
კომპანიის შემოსავალი რუსეთში 2018-2020 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა: 2018 წელს 55.3 მლნ რუბლი იყო, 2019 წელს – 200 მლნ, ხოლო 2020 წელს – 478.2 მლნ რუბლი.
უჩა მამაცაშვილის და ალექსანდრე ივანიშვილის საერთო ბიზნესი რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილ დეპუტატ (2016-2021 წწ.) ანნა კუვიჩკოსთან და ვოლგოგრადის ყოფილ მაღალჩინოსან როლანდ ხერიანოვთან – „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებმა ასევე აღმოაჩინეს ივანიშვილის ნათესავების ბიზნესკავშირები როლანდ ხერიანოვთან. ხერიანოვი სხვადასხვა დროს იყო ვოლგოგრადის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ვოლგოგრადის რეგიონული დუმის დეპუტატი და ვოლგოგრადის რეგიონის მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი. ამასთან, დავადგინეთ, რომ მისი მეუღლე ანნა კუვიჩკო 2016-2021 წლებში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო მმართველი პარტიიდან. როლანდ ხერიანოვი კომპანია „გეო ორგანიკსში“ სწორედ მისი მეუღლის დეპუტატობის ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო მეწილე. 2017 წლის ბოლოს კუვიჩკოს სახელი უფრო ფართოდ გავრცელდა, როდესაც მან მონაწილეობა მიიღო ვიდეოში „ბიძია ვოვა, ჩვენ შენთან ვართ“ და სიმღერა ვლადიმერ პუტინს მიუძღვნა. ანნა კუვიჩკო 2019 წლიდან, როგორც დუმის წევრი, უკრაინის მიერ იყო სანქცირებული.
როლანდ ხერიანოვთან კავშირი აქვთ როგორც უჩა მამაცაშვილს (მის შვილს ტატე მამაცაშვილს 2020-2021 წლებში საერთო წილები ჰქონდათ ორ რუსულ კომპანიაში შპს „გეო ორგანიკსი“ და ამ კომპანიის შვილობილ შპს „გეო მედში“), ისე ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს (როლანდ ხერიანოვის დედა, ოლგა ხერიანოვა 2019-2021 წლებში იყო ბრიტანეთში არსებული „გეო ორგანიკსის“ 24.5%-იანი წილის მფლობელი, ამ კომპანიის 30.5%-ს 2022 წლამდე ალექსანდრე ივანიშვილი ფლობდა, ახლა კი მის მეუღლეს ქეთევან ხარაიძეს ეკუთვნის),"- ნათქვამია კვლევაში.