მსოფლიოს უმსხვილესმა კრიპტობირჟამ, Binance-მა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები საქართველოში ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ბლოკჩეინ-ინიციატივებისა და კრიპტოინდუსტრიის ერთობლივი განვითარების კუთხით ითანამშრომლებენ.
როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, Binance-ისა და GITA-ს შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული თანამშრომლობა მოიცავს, როგორც საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ინიციატივებს, რაშიც Binance Charity და Binance Academy ჩაერთვებიან, ასევე ადგილობრივი ღონისძიებებისა და ჰაკათონების ორგანიზებას, რომლებსაც BNB Chain-ი უზრუნველყოფს.
მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის ინფორმაციით, აღნიშნულ ინიციატივაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და Binance-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ჩანგპენგ ჟაო ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში შეთანხმდნენ, როცა მეწარმე საქართველოს საქმიანი ვიზიტით ესტუმრა.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობას გამოეხმაურა Binance-ის რეგიონული დირექტორი, ვლადიმირ სმერკისი, რომელმაც აღნიშნა, რომ კრიპტოინდუსტრიის განვითარებით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ქვეყანაა რეგიონში. „ჩვენი მიზნები ემთხვევა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიზნებს - საქართველოში ეფექტიანი სისტემის შექმნა შეგვიძლია, რომელიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს კიდევ უფრო განავითარებს“, - აღნიშნავს ვლადიმირ სმერკისი.
საგანმანათლებლო და საქველმოქმედო პროექტების აუცილებლობას გაუსვა ხაზი GITA-ს თავმჯდომარემაც: „მნიშვნელოვანია, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, Binance-ი საქართველოში საგანმანათლებლო და საქველმოქმედო პროგრამებს განახორციელებს და ტექნოპარკში ბლოკჩეინ-ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ „ვორქშოპებსა“ და ჰაკათონებს ჩაატარებს, რაც ახალი სტარტაპების ფორმირებას და კომერციალიზაციისკენ ორიენტირებული პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნული ავთანდილ კასრაძის განცხადებაში.
ცნობისთვის: ეს არ არის პირველი ინიციატივა, რომელსაც Binance-ი საქართველოში ახორციელებს. გასულ თვეს, მსოფლიოს უდიდესმა კრიპტობირჟამ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. გასულ წელს კი, Binance-მა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა თიბისისთანაც.