მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბინის ქირა წლიურად, საშუალოდ, 200 ლარით გაძვირდა

6320a49bd2c71
ლიკა გურაბანიძე
17.09.22 16:58
1025
გასაქირავებელ ბინებზე ფასები გაიზარდა. ფასის მატების განმაპირობებელ ფაქტორებს შორის ანალიტიკოსები და კომპანიების წარმომადგენლები რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების გამო უძრავი ქონების ბაზარზე რადიკალურად შეცვლილ ვითარებას ასახელებენ.

საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ბანკის Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი აღნიშნავს, რომ ფასების მატება განსაკუთრებულად უარყოფით გავლენას ახლა სტუდენტებზე ახდენს.

“დინამიკას რომ შევხედოთ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ რუსი და ბელარუსი მოქალაქეების შემოდინება საქართველოში აქტიურად დაიწყო. გაზაფხულზე იჯარები დაახლოებით 65-70%-ით გაიზარდა. ერთი წლის წინანდელ ნიშნულთან შედარებით წელს იგივე პერიოდში ფასები 70-80%-ით გაიზარდა. თუ ბინის ქირაობა თვეში $500 ღირდა, წელს მისი ღირებულება $800-900-ია. ფასების მატება რუსი მოქალაქეების გარდა, სტუდენტების დედაქალაქში დაბრუნებამ და ქირებზე მოთხოვნის აღდგენამ გამოიწვია, რაც ნახტომისებური იყო”, - აღნიშნა კახა სამყურაშვილმა.

ფასების მატებაზე საუბრობს BM.GE-სთან უძრავი ქონების სააგენტო „სიგმას“ დირექტორიც ზურაბ ლაჩაშვილიც, მიზეზად ისიც ქვეყანაში რუსი  მოქალაქეების  შემოდინებას და ახალი სასწავლო წლის დაწყებას ასახელებს.

“თუ გასულ წელს ბინის ქირაობა თვეში 500-700 ლარად შეიძლებოდა, წელს იგივე ბინის დაქირავებას 800-900 ლარადაც ვერ შეძლებთ. ვინც ბინებს 800-900-1000 ლარის ფასებში ეძებს, ისინი ხშირ შემთხვევაში ვერ პოულობენ”, - განმარტა ლაჩაშვილმა.

„თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსი ირინა კვახაძე განმარტავს, რომ გაზაფხულთან შედარებით ახლა ფასები შედარებით დასტაბილურებულია, თუმცა ის გასულ წელთან შედარებით გაიზარდა.

“2022 წლის ივლისის მონაცემებით კვადრატული მეტრი საყოფაცხოვრებო უძრავი ქონების დაქირავების ფასი 8.3$-ია. ეს გასული წლის იგივე პერიოდზე 70%-ით მეტია. ფასების ფორმირებაში პირველი და მთავარი ფაქტორი რუსი მოქალაქეების შემოდინება აღმოჩნდა, ხოლო შემდეგ ადგილებზე საქართველის რეგიონებიდან თბილისში სამუშაოდ ჩამოსული მოქალაქეები და სტუდენტები არიან”, - განმარტა ირინა კვახაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები