სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ ენერგეტიკული ბირჟის გადავადების საკითხი მთავრობის მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილება იყო და რეგიონში არსებულმა ვითარებამ განაპირობა.
ნარმანიას თქმითვე, ბირჟაზე საცდელ რეჟიმში ვაჭრობა გაგრძელდება იმისთვის, რომ სექტორმა ამ ერთი წლის მანძილზე რა ვადითაც ბირჟაზე ვაჭრობის დაწყება გადავადდა, მზაობა შეინარჩუნოს.
“ბირჟის ამოქმედების გადავადებაზე მთავრობამ არგუმენტირებული გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენს რეგიონში არსებული საომარი ვითარებიდან და მასთან დაკავშირებული ენერგეტიკული სირთულეებიდან გამომდინარე. ეს საკმარისი არგუმენტი იყო ბაზრის გახსნის გადავადებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თავად სისტემა და ბაზრის მონაწილეები მზად იყვნენ, გარე რისკებმა გადაწონა შიგნით არსებული მზაობა, თუმცა ენერგეტიკის სექტორი არ მოდუნდება და საცდელი ვაჭრობა გაგრძელდება მომავალშიც. ანუ სისტემის მზაობა ბაზრის გახსნისთვის მომავალშიც შენარჩუნდება”, - ამბობს ნარმანია.
ივნისში საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის დაწყება მეექვსედ ამჯერად ერთი წლით გადავადდა. ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბირჟის გადავადების მიზეზად კვლავ გეოპოლიტიკური ვითარება დაასახელა, რის გამოც მთავრობას ფასებთან დაკავშირებით პროგნოზი უჭირს.