დაახლოებით ერთი წელია ბიზნესი შესაფუთი ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცებას ელის. მთვრობასა და კერძო სექტორს შორის გასულ თვეში გამართული შეხვედრა ისევ უშედეგოდ დასრულდა. ბიზნესისთვის რეგლამენტის არსებული რედაქცია, რომელშიც ბიზნესის და მუნიციპალიტეტების ვალდებულებებია გაწერილი, მიუღებელია.
ბიზნესი ამბობს, რომ რეგლამენტის მიღება თბილისის მერიის ხისტი პოზიციის გამო ვერ ხერხდება, რადგან კალაძის უწყებას სურს ნარჩენების გადამუშავება არა ბიზნესმა, არამედ თავად მერიამ მოახდინოს, რისთვისაც კერძო სექტორმა შესაბამისი ფინანსები უნდა გაიღოს.
მერიის პოზიციას კალაძის მოადგილე, მაია ბითაძე მათ არგუმენტებს უპირისპირებს. ამბობს, რომ ბიზნესი ნარჩენების სრულად მართვას ვერ შეძლებს, რადგან საკმაოდ დიდი ფინანსური ხარჯის გაღება მოუწევს. პოლიგონებზე კი ნარჩენების მოცულობა პრაქტიკულად არ შეიცვლება.
"მათ ძალიან კარგად იციან რა ინვესტიციაა ჩასადები ნარჩენების მართვის მიმართულებით იმ მიზნით, რომ შესაფუთი მასალა და ნარჩენი გადაიქცეს პროდუქტად. ამისთვის მუნიციპალიტეტმა უკვე დაიწყო საბიუჯეტო თანხების დახარჯვა. ჩვენ უკვე ვაწყობთ ინფრასტრუქტურას, მათ შორის მიწისქვეშა ურნებს, რომ თბილისი სეპარირებული ვალდებულების ამოქმედებას მოსახლეობა დახვდეს მზად.
მიზანია ნარჩენი მინიმუმამდე მოხვდეს პოლიგონზე, მერიის პრინციპულ მიდგომებში არანაირი განსხვავება არ არის, მუნიციპალიტეტი ამბობს, რომ თითოეული თეთრი, რომელიც მწარმოებლის გაფართოვებული ვალდებულების შესასრულებლად უნდა დაეხარჯა ბიზნესს, მათ შორის მოხვდეს იმ ინვესტიციებში, რომელსაც ნარჩენების ინფრასტრუქტურის შექმნა ჰქვია. მარტივად რომ ვთქვათ, ნარჩენების მანქანებისა და მიწისქვეშა ურნების სეპარირების ინფრასტრუქტურის მოწყობაში ვთავაზობთ, რომ მიიღონ პირდაპირი ფულადი მონაწილეობა, რადგან თანხა დახარჯონ, რომ ნარჩენები იმართოს, ისედაც მათი ვალდებულებაა.
ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესმაც კარგად გაიაზროს, რომ აქ საუბარია მსხვილმასშტაბიან პროექტზე, რომელმაც ქართულ ეკონომიკას გარკვეული ბიძგი უნდა მისცეს ახალი მიმართულების განვითარების კუთხით, ნარჩენი პოლიგონზე მინიმუმამდე უნდა მოხვდეს და ბიზნესმა და მუნიციპალიტეტმა ერთად უნდა იზრუნოს, რომ ურნები საკმარისი იყოს იმ დროისთვის, როცა მოსახლეობა სახლში დაიწყებს სეპარირებას.
ბიზნესი უყურებს ამას იმ კუთხით, რომ თავისი ვალდებულება აქვთ შესასრულებელი და მათ რომ ვალდებულება შეასრულონ, არის რაღაც ინდიკატორები. ეს ინდიკატორები რანაირად სრულდება ანუ რომელია ის მოქალაქე, რომელიც მხოლოდ ცნობიერების ამაღლების კუთხით ყოველ დღე ასეპარირებს სახლში პლასტიკს, ეს არის ჩვენთვის დიდი კითხვის ნიშანი.
გამოვა, რომ ისინი კამპანიურად კომპანიებთან ურთიერთობისას, მსხვილ რითეილერებთან, მარკეტებთან ხელშეკრულების საფუძველზე ამოიღებენ ნარჩენებს გარკვეულწილად, მაგრამ მთავარი ნარჩენის წარმომქმნელი - მოსახლე დარჩება თავის სახლში ერთ ურნასთან, ყველაფერს მოახვედრებს ერთ ურნაში, რომელიც წავა ნაგავსაყრელზე“, - ამბობს ბითაძე.
მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს EBRD-ის პროექტი, რომელმაც უნდა შექმნას ნარჩენების მართვის 5 წლიანი სტრატეგია, რომლითაც გვეცოდინება ზუსტად რამდენი ურნა უნდა და რამდენი ავტომობილი უნდა გვქონდეს დახარისხებისთვის.
„ამის შემდეგ შეგვიძლია ხელახლა დავუბრუნდეთ ამ საკითხს. ველოდებით, რომ სამინისტროს ინიციატივით შედგება ბიზნესთან შეხვედრა და ჩვენ ძირითად პრინციპებზე შევთანხმდებით.
ჩვენი მთავარი კითხვაა, როგორ აპირებენ იმ ინდიკატორების შესრულებას, რომელიც თვითონ წარმოადგინეს, ვინ გადაყრის ნარჩენს?“ - მიმართავს ბითაძე ბიზნესს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით კი, ქვეყანას შესაფუთი ნარჩენების მართვის რეგლამენტი, სავარაუდოდ, არჩევნებამდე ექნება.