საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის საბაზრო ღირებულება ბოლო პერიოდში მკვეთრად უფასურდება. გასული შვიდი დღის განმავლობაში, ბიტკოინის ფასი ბირჟაზე 10.2%-ით, $26,400-მდე შემცირდა. განსაკუთრებით მკვეთრი კლება 17-18 აგვისტოს დაფიქსირდა, როცა ციფრული აქტივის ღირებულებამ 9.3%-ით იკლო - ამგვარი კლება 2022 წლის ნოემბრის შემდეგ არ დაფიქსირებულა, როცა ბიტკოინი კრიპტობირჟა FTX-ის გაკოტრების ფონზე გაიაფდა. საინტერესოა, რომ ბიტკოინის ასეთი დაბალი ფასი, უკანასკნელად, ივნისის შუა რიცხვებში დაფიქსირდა.
ბიტკოინის გაუფასურებას რამდენიმე ახსნა შეგვიძლია მოვუძებნოთ, მაგრამ თავად ეს მოვლენა ინვესტორების მიერ აქტივის მასობრივად გაყიდვას უკავშირდება - ბოლო პერიოდში, მსგავსი ტენდენცია ფიქსირდება საფონდო ბირჟებზეც. უკანასკნელ დღეებში, უოლ-სტრიტის მთავარმა ინდექსებმა დაიკლო, ხოლო ჩინეთის ეკონომიკის შესახებ გავრცელებული არასახარბიელო პროგნოზებისა და აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრების მოლოდინის ფონზე, აქციების ფასები იკლებს აზიურ ბაზრებზეც.
ბიტკოინის ფასის შემცირებას ანალიტიკოსები მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანსაც უკავშირებენ. რამდენიმე დღის წინ, The Wall Street Journal-მა ილონ მასკის SpaceX-ის ფინანსური ანგარიშგების დეტალები გაასაჯაროვა, რომლის თანახმად, კომპანიამ მის საკუთრებაში არსებული $373 მილიონის ბიკტოინი გაყიდა.