ირაკლი ღარიბაშვილის ეკონომიკურმა მრჩეველმა სოსო ტყემალაძემ BMGTV-ის გადაცემა "რედაქტორის" ეთერში ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ კერძო სექტორში “ჭარბი ფული” გაჩნდა, მაგრამ ამის მიუხედავად ბიზნესები ქველმოქმედებაზე მოგების საკმაოდ მცირე წილს ხარჯავენ.
“მინდა ვთქვა, რომ ბიზნესსაც უკვე საკმაოდ ჭარბი ფული გაუჩნდა საქართველოში. დიდი "ბენტლებით" დადიან, ცოტა ქველმოქმედებასაც მიხედონ, ხე დარგონ. 7 მილიარდი ჰქონდა ბიზნესს მოგება თუ არ ვცდები, აბა ნახეთ რას ხარჯავენ ქველმოქმედებაში? ნახევარ პროცენტსაც არა.
ამას ჩემი თქმა უნდა სჭირდებოდეს? 90%-ს ვხარჯავ დედას გეფიცებით, რაც მაქვს და რაც არ მაქვს. რა კომპანიებიც მაქვს, იმის წილებსაც ვყიდი და ვხარჯავ,” - განაცხადა პრემიერის ეკონომიკურმა მრჩეველმა.
ცნობისთვის, ამჟამად, სოსო ტყემალაძე მთავრობის ეკონომიკური საბჭოს წევრია. ინტერვიუში ტყემალაძემ ამ საბჭოს შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ეს ფორმატი ამჟამად უფრო აქტიურია, ვიდრე მამუკა ბახტაძის და გიორგი გახარიას პრემიერობის დროს იყო.
“წინა პრემიერების დროს არსებული სხდომებისგან განსხვავებით, სადაც მე სულ ჰიპერაქტიური ვიყავი და საკითხებს ვსვამდი, ახლა ჩემზე ახალგაზრდაა პრემიერი, ჰიპერაქტიურია, კვირაში ერთხელ, ზოგჯერ ორჯერ საბჭოები იმართება. იქ თქვენ, რასაც ხედავთ 5 წუთია, როდესაც გამოდის, ისე კი 7-8 საათს ვხარჯავთ. მიდის ისეთი შრომა, რომ ზოგჯერ მაისური გამომიცვლია. აბა, სადილიან-ვახშმიანად საუბრები ღამის 4 საათამდე... იმიტომ რომ მძიმე კრიზისები გავიარეთ. კოვიდი იყო, შემდეგ ომი დაიწყო. ახლა ჩვენთან მშვიდობაა და მადლობა ამისთვის მთავრობას და ყველას, ვინც ამას აკეთებს, ეკონომიკურადაც მემგონი არავის არც ხელფასი დაგვიანებია და გადასახადებიც და ყველაფერიც დარჩა. ამას საზოგადოება ვერ ხედავს.
ხშირად არის ხოლმე, რომ არის თხოვნა, სოსო ამ თემას ჩახედე, ინვესტორი ჩამოვიდა, როგორ ფიქრობ, რა არის... წარმოიდგინეთ, შარშან მაისში ქვეყანა რომ არ გაეხსნა, იცით როგორი რისკები იყო კოვიდის დროს?! არ იყო ჯერ ბოლომდე გამოკვეთილი ვაქცინები ჩამოვიდოდა თუ არა, პანდემია დამთავრებისკენ მიდიოდა თუ არა, როგორ იმუშავებდა ვაქცინა. თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება. საბჭოს ხელმძღვანელობდა პრემიერი და ის სულ ამბობდა, რომ ნუ ამბობთ, რომ მე მაგარი ვარ. მე ვუთხარი, შენამდეც იყვნენ პრემიერები, მაგრამ გადაწყვეტილებას არ იღებდნენ, გაქებ იმიტომ, რომ კიდევ მეტი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ეს შეცდომა 10-ში 2-3-ზე მეტი არ უნდა იყოს. თუ გუნდურად მუშაობ, შენი შეცდომები დივერსიფიცირებულია. ჩვენ ინდივიდუალურ სპორტებში მაგრები ვართ, რაგბი გუნდური სპორტია და წარმატება მხოლოდ ერთიანობითაა მიღწევადი. ბატონი ბიძინაც ამხელა ქველმოქმედებით რაგბში იმიტომ შევიდა, რომ ქართველებმა ვისწავლოთ გუნდურობა.
გიორგი გახარიასთან კოვიდის დროს გახსნა რთული იყო, ვეუბნებოდი თავიდანვე - “ნუ მიდიხარ ასეთ მკვეთრ ნაბიჯებზე, არ შეიძლება ასე სწრაფად ეკონომიკის დაკეტვა”... გახსოვთ, ყველას 4 თვე ყველა სახლში ვისხედით და მთელი ეკონომიკა მოკვდა. თუმცა, ეს ამოუცნობი დაავადება იყო და შეიძლებოდა უფრო მწვავედ გავრცელებულიყო, სიცოცხლეს ეხებოდა საქმე,” - განაცხადა სოსო ტყემალაძემ.
<სტილი დაცულია>