მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბოლო 70 წელია თბილისი ვითარდება ისე, რომ გზა მხოლოდ ავტომობილისთვის იყოს განკუთვნილი“ - წილოსანი

631cd12eb2efd
თამთა ჯიჯავაძე
10.09.22 22:39
1647
ბოლო 70 წელია ქალაქი ვითარდება ისე, რომ მხოლოდ ავტომობილისთვის იყოს გზა განკუთვნილი და დანარჩენი ყველა, ვისაც მანქანა არ ჰყავს, არის უგულებელყოფილი, - ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა გადაცემა „ანალიტიკაში“ დედაქალაქის სატრანსპორტო გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია, რომ „ადამიანების დიდი ნაკადის და მობილობის გატარება შეძლოს“. როგორც ის ამბობს, ამის ერთადერთი საშუალება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტია.

ხოლო კითხვას, როდისთვის შეიძლება ველოდოთ დედაქალაქში გამოწვევების დაძლევას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, ვიქტორ წილოსანმა შემდეგნაირად უპასუხა:

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში ყოველდღიურად უფრო მიმზიდველი ხდება. არცერთი კვარტალი არ ყოფილა ისეთი, როცა ჩვენ აქტიური ნაბიჯები არ გადაგვედგას ამ მიმართულებით. მათ შორის წელს, ზაფხულშიც, როდესაც ადამიანები ქალაქიდან იყვნენ გასულები, სამ ურთულეს კვანძზე ინფრასტრუქტურული ჩარევები განვახორციელოთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლები გავაკეთეთ, რათა უფრო მეტი ადამიანი გადავიყვანოთ, უფრო ნაკლები იყოს დაგვიანება და კომფორტული იყოს მგზავრობა.

ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკა და ტრანსპორტი არის ცოცხალი ორგანიზმი, ის პირდაპირ დამოკიდებულია ადამიანზე. ამიტომაც ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მაგალითად, 1 ნოემბრისთვის ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები დასრულდება. ეს მუდმივი პროცესია და შესაბამისად, როგორც ადამიანის ქცევა მუდმივად იცვლება, ესეც მუდმივ განვითარებას საჭიროებას. ჩვენ მთავარია, რომ მოქალაქეების ტემპს ფეხი ავუწყოთ“, - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქში ადამიანების დაახლოებით 60-70% არ გადაადგილდება ავტომობილით. შედარებისთვის ევროპის რიცხვებიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ თბილისში მოსალოდნელია ავტომობილის რაოდენობის კიდევ ზრდა, რომელთა გატარებასაც ფიზიკურად დედაქალაქი ვერ შეძლებს.

„თბილისში მოქალაქეების უმრავლესობა არ გადაადგილდება ავტომობილით. ევროპაში ავტომობილის ფლობის საშუალო მაჩვენებელი 70%-ია, მაგრამ მოტორიზაციის კოეფიციენტი არის 8%, რაც ნიშნავს იმას, რომ კვირაში 5 ან მეტი დღე გამოიყენებს ავტომობილს. ჩვენთან კი ავტომობილის ფლობის მაჩვენებელი 38%-ზეა, ხოლო მოტორიზაციის კოეფიციენტი გვაქვს 35%. ანუ ყველა, ვისაც მანქანა ჰყავს, მას კვირაში 5 ან მეტი დღე იყენებს.

ჩვენ აუცილებლად მივალთ საშუალო ევროპულ დონემდე და 70%-ს ეყოლება ავტომობილი და რა თქმა უნდა, დედაქალაქი ამ რაოდენობის ავტომობილს ვერ გაატარებს. ასევე, ამ რაოდენობის ავტომობილის პარკირება ფიზიკურად შეუძლებელია. დღეში თბილისში პიკურ პერიოდში დაახლოებით 450 000 ავტომობილი გადაადგილდება, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ ადამიანებისთვის ალტერნატივები, რათა ისინი სწრაფად გადაადგილდნენ“, - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები