დღეს ცნობილი გახდა, რომ “ბორჯომი” საერთაშორისო სანქციების გამო, ოპერირებას აჩერებს. კომპანიის განცხადებით, მარტში მათი საბანკო ანგარიშების გაყინვა მოხდა, რის გამოც მათ ფინანსებთან წვდომა შეზღუდული აქვთ.
ბორჯომის მინერალური წყლის ჭაბურღილებიდან წყლის მოპოვების მრავალწლიან ლიცენზიებს DS Borjomi Beverages Co. N.V. ფლობს, მათ შორის ყველაზე ახალი - 25-წლიანი ლიცენზია მთავრობამ 2022 წლის თებერვალში გასცა და ის სამი ჭაბურღილიდან წყლის მოპოვებას შეეხება. კომპანიამ ლიცენზიის პირობებში წლიურად 365,000 მ3 წყალი უნდა მოიპოვოს.
თუმცა, ოპერირების შეჩერების გამო, კომპანია სავარაუდოდ ამ მოცულობის წყლის ამოღებას ვერ შეძლებს. იმის დასადგენად, შეუძლია თუ არა სახელმწიფოს ბორჯომის მფლობელის მიერ ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობისთვის სანქციების დაწესება ან კომპანიისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა, “გადაცემა ანალიტიკამ” წიაღის ეროვნული სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს მაია ზავრაშვილს დაუსვა კითხვები.
ზავრაშვილის განმარტებით, ლიცენზიის ჩამორთმევა, ან კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა ინტერვენციის მძიმე ფორმებს განეკუთვნება. ლიცენზიის ჩამორთმევისთვის ჯერ სასამართლო გადაწყვეტილება უნდა არსებობდეს, ხოლო სპეციალური მმართველის დანიშვნა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია კანონით გათვალისწინებული, როდესაც კომპანია სისტემატიურად არღვევს სალიცენზიო პირობებს.
“კანონმდებლობა დღეს ვერ აზღვევს პასიურ მფლობელობას. კომპანიამ შეიძლება სხვადასხვა სუბიექტური, ტექნიკური თუ კომერციული ფაქტორების გამო შეაჩეროს ფაქტობრივი მოპოვება. ასეთ დროს ერთადერთი დამზღვევი მექანიზმი პასიური მფლობელობისგან არის ათვისების გეგმა, იმისთვის რათა სახელმწიფომ არ დაკარგოს საბიუჯეტო შემოსულობა. კომპანია მოპოვების შემცირების მიუხედავად, ვალდებულია განახორციელოს გეგმის მიხედვით, რაც შეეხება ლიცენზიის შეჩერებას, ლიცენზიის შეჩერების მექანიზმი არ არსებობს. ლიცენზია შეიძლება გაუქმდეს ან შევიდეს მასში ცვლილება. მათ შორის ათვისების გეგმაშიც შეიძლება შევიდეს ცვლილება, ეს არის საკმაოდ მობილური მექანიზმი, ეს არ არის გეგმა, რომელსაც მუდმივად 100%-ით შეიძლება მიყვებოდეს კომპანია.
რაც შეეხება ლიცენზიის ჩამორთმევას, ეს არის ინტერვენცია, რა დროსაც წინაპირობები უნდა არსებობდეს სასამართლო გადაწყვეტილებით დასაბუთებული. ეს არ არის იოლი მექანიზმი და მე ამ ტერმინის გამოყენებას მეტი სიფრთხილით მოვეკიდებოდი, რომ ინვესტორს ჩამოერთვას მისი კუთვნილი ლიცენზია.
რაც შეეხება სპეციალურ მართვას, ეს არის ჩარევის ის ფორმა, რაც განსაზღვრულია კანონით, თუმცა მისი მიხედვით, მას წინ უნდა უსწრებდეს არაერთჯერადი და მრავალგზის შეუსრულებლობა სალიცენზიო მოთხოვნების,”- პასუხობს მაია ზავრაშვილი გადაცემა “ანალიტიკას”.
რატომ შეეხო ბორჯომს სანქციები:
2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი “ალფა ჯგუფი” ფლობს. ამ გარიგებამდე მინერალური წყლების კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი პატარკაციშვილების ოჯახი იყო, რომლებმაც ეს აქტივი $460 მილიონად გაასხვისეს. კომპანიის 40%-იან წილს კვლავ პატარკაციშვილების ოჯახი ფლობს.
დღეს თავად “ალფა ჯგუფის” დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.
IDS Borjomi International-ის აქტივებში შედის არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში მდებარე მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანიებიც. კომპანიის საკუთრებაშია წყლის ჩამომსხმელი საწარმოები უკრაინის ქალაქ მირგოროდსა და მორშინში, რომელიც მინერალურ წყალ Моршинськ-ს ასხამენ. კომპანია ასევე ფლობს რუსეთის ერთ-ერთ წამყვან მტკნარი წყლის ბრენდს Святой источник-ს.