ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც მიზნად ისახავს ბრექსიტის შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიის შესახებ ხანგრძლივი სავაჭრო დავის მოგვარებას. შეთანხმებას ხელი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტის დროს მოეწერა.
ახალ შეთანხმებას, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "უინძორის ჩარჩო", პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ევროკავშირ-ბრიტანეთს შორის ურთიერთობაში “ახალი თავი” უწოდა.
ამ დროისთვის გარიგების ზუსტი დეტალები მედიაში არ ვრცელდება, თუმცა როგორც საჯარო განცხადებიდან გახდა ცნობილი, შესაძლებელი გახდება შეუფერხებელი, თავისუფალი ვაჭრობა ირლანდიის ზღვაში საზღვრების გარეშე.
მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ევროპული ბლოკი დატოვა, ევროკავშირთან ხანგრძლივი მოლაპარაკების საკითხი ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლი იყო, რომელიც არეგულირებს საქონლის გადაადგილებას ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის. როდესაც ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი იყო, ვაჭრობა მარტივი იყო, რადგან ორივე ქვეყანაში ევროკავშირის სავაჭრო წესები ვრცელდებოდა. ამის შემდგომ გართულდა ვაჭრობა, ვინაიდან ევროკავშირს საზღვარზე პროდუქციის შემოწმების მკაცრი წესები აქვს იმ შემთხვევაში თუ იმპორტი არაწევრი სახელმწიფოდან ხორციელდება. ახალი შეთანხმება სწორედ ამ ნაწილში პროცედურის გამარტივებას ითვალისწინებს.
ჩრდილოეთ ირლანდიაში დიდი ბრიტანეთიდან შესული საქონლის ორი ზოლი შეიქმნება: მწვანე ხაზი იქნება საქონლისთვის, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში დარჩება, ხოლო წითელი ხაზი საქონლისთვის, რომელიც შეიძლება გაიგზავნოს ევროკავშირში.
მოლაპარაკებების მიზანი იყო, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის "საზღვარი" არ ყოფილიყო საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური წარსულის გათვალისწინებით. საზღვარზე გამშვები პუნქტის მოწყობას, რომელიც საქონელს შეამოწმებდა, შესაძლოა ვითარების დაძაბვა მოჰყოლოდა.