„საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვისთანაც ბრიტანეთმა გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ბრექსიტის შემდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც რეგიონული ჰაბის მიმართ, არსებობს. ჩვენ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შეხვედრისას შევთანხმდით, რომ წლის ბოლომდე საქართველოს ეწვევა ბრიტანელ ბიზნესმენთა დელეგაცია, რათა მათ შეისწავლონ ადგილობრივი საინვესტიციო პროექტები და საინვესტიციო შესაძლებლობები“, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამეტო დელეგაციის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დიდ ბრიტანეთში გამართულ შეხვედრებზე ქართულმა მხარემ ძირითადად სამი საკითხი განიხილა.
„ერთი ეს იყო შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები. მეორე თემა იყო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და ძირითადად, ამ ორმხრივ ურთიერთობებში აქცენტი გაკეთდა თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალის სრულად ათვისებაზე, თავდაცვის და უშიშროების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებაზე, საპარლამენტო გაძლიერებაზე და ამ მხრივ დიდი ბრიტანეთის დახმარებაზე. მესამე თემა იყო საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავება“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.