Burger King-მა ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო, კერძოდ, სატელევიზიო და ბეჭდურ მედიაში გამოჩნდა დაობებული ბურგერის ბანერები. რეკლამის მესიჯია: „ბურგერ კინგი“ ხელოვნურ დანამატებს თავისი ბურგერებიდან იღებს.
როგორც AP-ი წერს, კომპანიაში განაცხადეს, რომ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, შვედეთსა და ესპანეთში, ასევე აშშ-ში მდებარე 7 346 რესტორნიდან დაახლოებით 400-ში, ბურგერების დასამზადებლად ხელოვნურ დანამატებს, რომლებიც საკვებს დიდხანს ინახავს, აღარ გამოიყენებენ. საუბარია ბურგერ Whopper-ზე, რომელიც ხახვის, სალათის ფურცლების, პომიდვრის, კიტრის მწნილისა და მაიონეზისგან მზადდება.
Burger King-ში ასევე აცხადებენ, რომ წლის ბოლოსთვის ყველა საკვები, მათ შორის სენდვიჩები და დესერტები ხელოვნური დანამატების, არომატიზატორებისა და კონსერვანტებისგან თავისუფალი იქნება.
შეგახსენებთ, 2018 წელს მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო McDonald’s-მაც და ხელოვნური დანამატები შვიდი სახეობის ბურგერიდან ამოიღო.