2021 წლის აპრილში 1 წელი შესრულდება, რაც აშშ-ში ქართველმა წყვილმა მიზანდასახული და პროფესიონალი ადამიანებისთვის ახალი ტრიბუნა Speech-ი დააფუძნა. პლატფორმისადმი დიდი ინტერესიდან გამომდინარე, სოფიო ჯაჯანაშვილმა და ზურაბ ქათამაძემ მალევე შექმნეს მსოფლიოში გაბნეული ქართველი მეწარმეებისთვის ერთიანი პლატფორმა Business Speech.
პლატფორმის შექმნის მიზნებით და საქმიანობით BM.GE დაინტერესდა. როგორც ზურაბ ქათამაძე ყვება, Speech-ის შექმნის მიზანი თავიდანვე უცხოეთში მცხოვრები ქართველი პროფესიონალებისთვის თავის მოყრა და მათი გამოცდილების და მიღწევების გაზიარება იყო.
“სფიჩმა” მცირე დროში შეძლო მედია სივრცეში თავის ნიშის დაკავება და უცხოეთში მცხოვრები ქართველი პროფესიონალების წარმატების ტრიბუნად იქცა. ბიზნესის მიმართულებითაც გამოჩნდა დიდი შესაძლებლობები. ჩვენთვის აღმოჩენა იყო მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტები და სერვისები უცხოეთში, რამაც “ბიზნეს სფიჩის” (Business Speech) ცალკე პლატფორმად დაფუძნება განაპირობა. “სფიჩმა” მოგვცა საშუალება უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი პროფესიონალებისგან ძლიერი გუნდი შეგვექმნა. მათთან ერთად სხვადასხვა მიმართულებით ძირითადად ნიუ-იორკში ვმუშაობთ, აქედან გადაადგილება ყველგან მარტივია. ელექტრონული მედია პლატფორმა კი, გვაძლევს საშუალებას მთელს მსოფლიოში ხელმისაწვდომი ვიყოთ“, - ყვება ზურაბ ქათამაძე.
მისი თქმით, Business Speech-ისადმი ინტერესი ქართული ბიზნესის მხრიდან დიდია და მოლაპარაკებები მსოფლიოში სხვადასხვა კომპანიებთან, რომელთაც ქართველი დამფუძნებლები ჰყავთ, დღესაც მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის კი, პლატფორმა 10-ზე მეტ ბიზნესთან თანამშრომლობს და მათ მიერ შექმნილ ქართულ პროდუქტს პოპულარიზაციას როგორც ამერიკის, ასევე, საერთაშორისო დონეზე უწევს.
“სფიჩის” ბაზაზე პროდაქშენ სტუდია გვაქვს, რომელიც სრულ ციფრულ ვიზუალურ პროდუქტს ქმნის. ვთანამშრომლობთ კომპანიებთან პიარის, მარკეტინგის და ბრენდინგის მიმართულებით. ვგეგმავთ ურთიერთობას საერთაშორისო მედიასთანაც. გვინდა, ქართული ბიზნესი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს და განვითარდეს, მოახდინოს ინტეგრირება საერთაშორისო ბაზარზე. ინტერესი დიდია, ამჟამად ევროპასა და ამერიკაში, ასევე საქართველოში სხვადასხვა კომპანიასთან მედია კამპანიების მიმართულებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, - აღნიშნა ზურა ქათამაძემ.
პლატფორმის დამფუძნებელი სოფო ჯაჯანაშვილი BM.GE-ის „სფიჩის“ მიერ ქართველების მიერ წარმოებული ბიზნესების კვლევის შედეგებსაც აცნობს. კვლევაში ის დარგებია გამოყოფილი, სადაც საქმიანობის წამოწყებით ყველაზე მეტად ინტერესდებიან ქართველი მეწარმეები.
„ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ გვაჩვენა, რომ ქართული ბიზნესის დიდი ნაწილი უცხოეთში კვების მიმართულებით არის განვითარებული, შემდეგ მოდის სხვადასხვა ტიპის სერვისი, სადაც შედის გადაზიდვები, სატრანსპორტო მომსახურება, სილამაზის და ესთეტიკის სალონები. ვითარდება სამედიცინო კლინიკები, სტომატოლოგიური კაბინეტები, იურიდიული და საბუღალტრო მომსახურება. როგორც ბიზნესი პრიორიტეტული გახდა თანამედროვე ტექნოლოგიები, ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობა, პროგრამული მომსახურება და ტურიზმი“, - ამბობს სოფიო ჯაჯანაშვილი და დასძენს, რომ სწორედ ეს კვლევა გახდა "ბიზნეს სფიჩის" საფუძველი.
„მე პროფესიით საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვარ, განათლება საფრანგეთში მაქვს მიღებული. ამერიკაში ჩამოსვლამდე კი, საქართველოს მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტებთან ვმუშაობდი პიარის მიმართულებით. ზურა პროფესიით რეჟისორი და სინემატოგრაფერია. მას ამერიკაში სხვადასხვა პროექტზე აქვს ნამუშევარი, სარეკლამო, სატელევიზიო და ფეშენ ინდუსტრიაში, როგორც რეჟისორს და კრეატიულ დირექტორს. ეს ის გამოცდილებაა, რაც გვეხმარება უცხოეთში ქართველ ბიზნესმენებთან საქმიან ურთიერთობაში. ამასთან, მინდა აღვნიშნო ისიც, რომ კოვიდმა კომპანიაზე დადებითად იმოქმედა. უფრო მეტი დრო გაჩნდა და ონლაინ მუშაობა უფრო მოქნილი გახადა. ნაკლები ფინანსური ხარჯი გვქონდა და სრული დატვირთვით ვმუშაობდით, რამაც დღეს ამ შედეგამდე მოგვიყვანა. მთლიანობაში, ამ რესურსმა მოგვცა საკუთარი პროდუქტის შექმნის საშუალება, რომელიც უცხოეთში მცხოვრები ქართველების მოთხოვნებზე იქნება მორგებული“, - უთხრა BM.GE-ის სოფიო ჯაჯანაშვილმა.