მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Catapult Georgia One - საქართველოში პირველი ვენჩურული საინვესტიციო ფონდი ფუძნდება

61925ee0b55cc
ინგა მურუსიძე
15.11.21 18:17
1101
საქართველოში პირველი ვენჩურული საინვესტიციო ფონდი Catapult Georgia One ფუძნდება, რომლის ზომა $50 მილიონია. ამის შესახებ მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული რელიზიდან ირკვევა, რომლის თანახმად, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვენჩურული საინვესტიციო ფონდ Catapult VC-ის დამფუძნებელ და მმართველ პარტნიორ ჯონათან თაუერს შეხვდა. 

აღსანიშნია, რომ ვენჩურული ფონდის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა გააჟღერა, მაგრამ კონკრეტიკის გარეშე. "ფონდი ამერიკული სილიკონ ველიდანაა", - თქვა მან.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციითვე, ვენჩურული ფონდი, რომლის პრეზენტაცია ხვალ იმართება, ინვესტიციას განახორციელებს ქართულ ინოვაციურ სტარტაპ-კომპანიებში და ხელს შეუწყობს მათ სწრაფ ზრდას გლობალურ ბაზარზე.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფონდს საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერა ექნება და მასში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად ინოვაციების სააგენტოც იქნება წარმოდგენილი.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო, გლობალური კონკურენციის პირობებში, ინოვაციების უფრო სწრაფად განვითარების მნიშვნელობას. ასევე ყურადღება დაეთმო ქართული სტარტაპების წარმატებას და აღინიშნა, რომ საქართველოს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების შექმნის კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

ცნობისთვის: Catapult-ი ვენჩურული კაპიტალის ფონდია, რომელიც სპეციალიზებულია სილიკონის ველის მიღმა ტექნიკურ ჰაბებში ინვესტირებაში. ფონდმა 15-ზე მეტი წლის განმავლობაში 220 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტირება განახორციელა 100-ზე მეტ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები