მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცენტრალური ბანკირების განცხადებების გამო, საფონდო ბირჟა მკვეთრად დაეცა

630c6bb04d8ec
გიორგი თოლორდავა
29.08.22 11:43
1556
ინვესტორთათვის გასული კვირის უმთავრესი მოვლენა ჯექსონ ჰოულის ეკონომიკური სიმპოზიუმი იყო, რომელზეც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების ცენტრალურმა ბანკირებმა თავიანთი მოსაზრებები და პოზიციები გააჟღერეს.

მიუხედავად განსხვავებული მიდგომებისა, ბანკირების ძირითადი სტრატეგია ერთგვაროვანი იყო, კერძოდ, ინფლაციის დასაძლევად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე ორიენტირებული.

ზოგადად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ანუ საპროცენტო განაკვეთების ზრდა, ნეგატიურ გავლენას ახდენს კაპიტალის ბაზარსა და საფონდო ბირჟებზე, რადგან გაძვირებული კრედიტის პირობებში ინვესტორები სარისკო პოზიციებს ამცირებენ, საინვესტიციო პორტფელის გაზრდისა და ამბიციური პროექტების განხორციელებისგან კი თავს იკავებენ.

აშშ-ის ფედერალური რეზერვისა და ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლების განცხადებების ფონზე, მკვეთრად დაეცა ყველა ძირითადი საფონდო ინდექსი, კერძოდ, პარასკევის სავაჭრო სესიის ბოლოს 3.37%-ით დაეცა S&P 500 ინდექსი; Dow Jones-ის ღირებულება 3.03%-ით შემცირდა; ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის ღირებულებაა 3.94%-ითაა შემცირებული.

FED-ის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის განცხადებით, ინფლაციის შესამცირებლად ფედერალური რეზერვი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გააგრძელებს და სექტემბერში ძირითადი საპროცენტო განაკვეთი, სავარაუდოდ, დამატებით 75 საბაზო პუნქტით გაიზრდება.

მსგავსი შინაარსის განცხადებები გავრცელდა ევროპისა და ინგლისის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლების მხრიდანაც.

მიუხედავად მოკლევადიან პერიოდში ინვესტორთა სენტიმენტის გაუარესებისა, ჯექსონ ჰოულის ეკონომიკური სიმპოზიუმი საფონდო ბირჟებისთვის მაინც პოზიტიურ მოვლენად შეიძლება იქნეს განხილული. ცენტრალური ბანკების საშუალოვადიანი სტრატეგიის გაჟღერება ბაზარზე სტაბილურობის განცდას ქმნის, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ინვესტორთა განწყობაზე. გარდა ამისა, ინფლაციურ მონაცემებში უკვე შეიმჩნევა დაღმასვლის ტენდენციის ფორმირება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინფლაციამ პიკს, გარკვეულწილად, უკვე მიაღწია და მომავალში მისი შემცირებაა მოსალოდნელი.

ბანკირთა ნაწილი მომავალი წლისთვის ინფლაციის მაჩვენებლის თითქმის განახევრებას პროგნოზირებს, რაც აგრეთვე იმის მანიშნებელია, რომ შემცირებული ინფლაციის ფონზე, მსოფლიოს მასშტაბით მენტარული პოლიტიკა ეტაპობრივად შემსუბუქდება.



საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Meta, Berskhire Hathaway და სხვა.  დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები