მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცესკო 55-მილიონიანი ტენდერით, ხმის დათვლის ელექტრონულ აპარატებს ყიდულობს

648595b9cb52b
BM.GE
11.06.23 13:21
854
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ნაწილობრივ ელექტრონული გზით ჩატარდება. ამისთვის, ცესკო ხმების ელექტრონულად დათვლის, ასევე ამომრჩეველთა ბიომეტრიული აუთენტიფიკაციის აპარატურის შესყიდვას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა 54.6 მილიონი ლარის ღირებულების კონსოლიდირებული ტენდერი, რომელიც ხმის დათვლისა და ამომრჩევლების ვერიფიკაციის მოწყობილობების შესყიდვა არის დაგეგმილი. 

ტენდერის თანახმად, აპარატურის ტექნიკური აღწერილობა ასეთია:

ვერიფიკაციის აპარატი - რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამომრჩეველთა იდენტიფიცირება, მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის საშუალებით. შემოთავაზებულ აპარატს უნდა გააჩნდეს ციფრულ მონაცემთა წაკითხვის (MRZ წამკითხველი) და ბეჭდვის ინტეგრირებული კომპონენტები. ამასთანავე, MRZ წამკითხველის საშუალებით შესაძლებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პასპორტისა ან/და ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (ID ბარათი) გატარება, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ამომრჩევლის მონაცემების ხელით.

ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატი - შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის საშუალებით, რომელიც იყენებს ოპტიკური ნიშნების ამოცნობის ტექნოლოგიას (OMR Technology). ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატს უნდა გააჩნდეს ქაღალდის ბიულეტენის სკანირების, ხმების დათვლის, შედეგების შეჯამებისა და ბეჭდვის ინტეგრირებული კომპონენტები, ასევე აპარატს უნდა გააჩნდეს ბიულეტენების ორივე გვერდის სკანირების შესაძლებლობა. ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში განთავსებისათვის შესაძლებელი უნდა იყოს ციფრულ წამკითხველზე ბიულეტენის მორგება ზედ დატანილი QR კოდით და ამავდროულად, ბიულეტენის სპეციალურ ჩარჩო კონვერტში მოთავსება. ამასთანავე, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული ნებისმიერი აპარატის ეკრანზე აღნიშნული უნდა იყოს, რეალურ დროში, აპარატში მოთავსებული ბიულეტენების რაოდენობა,"- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

სატენდერო პირობების თანხმად, მოწყობილობებს უნდა გააჩნდეთ ISO 9001:2015, ISO 14001:2015, და ISO 27001:2013 მოქმედი სერტიფიკატები. 

2023 წლის თებერვალში ცესკომ გამოსცა დადგენილება კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის წესები არის განსაზღვრული.

კომპანიებს ტენდერში საკუთარი წინადადებების წარდგენა 13 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ. 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წელს ცესკოს ბიუჯეტი 147 მილიონ ლარამდე იზრდება, რაც 2023 წლის ბიუჯეტთან (56 მილიონთან) მიმართებით თითქმის სამჯერ მეტია. აქედან უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 109 მილიონი ლარი დაჯდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები