მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცესკო ადასტურებს, რომ ქუთაისის ერთ-ერთ უბანზე შემაჯამებელი ოქმი წინასწარ შეავსეს

6158567a51baf
ინგა მურუსიძე
02.10.21 17:15
587
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე საარჩევნო უბანზე ნაწილობრივ იქნა შევსებული საუბნო შემაჯამებელი ოქმი, რომელსაც უბნის 14 წევრი, მათ შორის სხვადასხვა პარტიის მიერ დანიშნული წევრები აწერენ ხელს. აღსანიშნავია, რომ ოქმის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებაშიც.

„გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს გადაცდომას და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება. ოქმი განადგურდება და საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ახალი შემაჯამებელი ოქმი. საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს 124-ე საარჩევნო უბანში შემაჯამებელ ოქმზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ ხელმოწერების წინასწარ გაკეთების ფაქტზე.

ხოლო საუბნო საარჩევნო კომისია ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ოქმს შეადგენს და მასზე ხელმოწერები გაკეთდება კანონით დადგენილი წესით.

საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველთვის ექნება შესაბამისი რეაგირება მსგავსი ტიპის გადაცდომებზე და მოვუწოდებთ ყველა დონის საარჩევნო კომისიას დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილი ნორმები, რაც აუცილებელია კენჭისყრის პროცესის მაღალპროფესიულ დონეზე წარმართვისთვის“, - ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები