მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CFD აუქციონებზე 900 მეგავატის სიმძლავრის განაცხადები შევიდა

642d517335195
შოთა ტყეშელაშვილი
05.04.23 15:03
850
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერის CFD აუქციონის პირველადი შედეგების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. უწყების თანახმად, მათთან სულ 78 განაცხადი შევიდა, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 900 მეგავატს შეადგენს. სამინისტრომ ამ წინადადებებიდან საუკეთესო ფასის მქონე განაცხადები უნდა აირჩიოს ისე, რომ 300 მეგავატის სიმძლავრეზე გაფორმდეს ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებები. 

შერჩეული პროექტები სახელმწიფოს მხრიდან ფასის გარანტიით იქნება დაზღვეული, რაც ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, კერძო სექტორიდან საკმაოდ მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა, კომისია აქტიურ რეჟიმში განაგრძობს წარმოდგენილი წინადადებების შესწავლას და საბოლოო შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

"მხარდაჭერის ახალი სქემა შეეხებათ მხოლოდ იმ ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც ვერ ვითარდებიან და ამისთვის დამატებითი სტიმული ესაჭიროებათ. სქემის მიხედვით, სახელმწიფო 15 წლის განმავლობაში იღებს ვალდებულებას, რომ აუქციონში გამარჯვებულ ფასად, გარანტირებულად შეისყიდოს ელექტროენერგია და ამით ხელი შეუწყოს ადგილობრივი გენერაციის განვითარებას. 10 თებერვალს გამოცხადებულ აუქციონში კატეგორიებად იყო წარმოდგენილი როგორც ჰესები (მოდინებაზე), ასევე მზისა და ქარის სადგურები და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები,"- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები