ენერგეტიკის სექტორის მხარდამჭერი მექანიზმის, CFD სქემის ფარგლებში პირველი ეტაპის აუქციონში გამარჯვებული კომპანიები გამოვლენილია. ეკონომიკის სამინისტროში ინვესტორებმა 78 განაცხადი შეიტანეს, საიდანაც აუქციონის კომისიამ 24 გამარჯვებული კომპანია შეარჩია. პირველი ეტაპის სიმძლავრის აუქციონის მიმართ ინვესტორების მხრიდან დაინტერესება ძალიან მაღალი იყო, რადგან ჯამში, მზის, ქარისა და ჰიდროს მიმართულებით სახელმწიფომ აუქციონზე 300 მეგავატი სიმძლავრის პროექტები გამოიტანა, განაცხადები კი სამჯერ მეტ სიმძლავრეზე შევიდა. ეკონომიკის სამინისტრო ამ ეტაპზე გამარჯვებული კომპანიებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. ცნობილია აუქციონის კომისიის მიერ განსაზღვრული მედიანური ტარიფი, რაც ჰესების შემთხვევაში 6,85 ცენტი, ქარის ელექტროსადგურის პროექტების შემთხვევაში 6,82, მზის შემთხვევაში კი 6,37 ცენტია. მაყურებელს შევახსენებ, რომ აუქციონში გამარჯვებული პროექტები სახელმწიფოს მხრიდან ფასის გარანტიით იქნება დაზღვეული. კერძოდ, სახელმწიფო 15 წლის განმავლობაში მზადაა კომპანიას ფასთა სხვაობა გადაუხადოს იმ შემთხვევაში, თუ საბითუმო ფასი ნაკლები იქნება CFD ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტარიფზე.
რა აჩვენა CFD სქემის ფარგლებში გამოცხადებულმა პირველმა აუქციონმა ბიზნესს და რამდენად მისაღებია ის ტარიფი, რაც აუქციონის კომისიამ განსაზღვრა?
სტუმარი: გიორგი მარგებაძე - მცირე და საშუალო ჰესების განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე;