მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაის საწარმო, სადეგუსტაციო ცენტრი, სასტუმრო - „ტყიბულის მთის ჩაის“ $1.2 მილიონიანი პროექტი

61f28b72db137
მარიამ ვარადაშვილი
27.01.22 22:45
1938
ჩაის გადამმუშავებელი საწარმო, სადეგუსტაციო ცენტრი და 4-ნომრიანი სასტუმრო - როგორც კომპანია „ტყიბულის მთის ჩაის“ მფლობელი bm.ge-სთან აცხადებს, რომ პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1.2 მლნ დოლარია.

ლევან ცქიფურიშვილის ინფორმაციით, ტყიბულში, როგორც გადამმუშავებელი საწარმოს, ისე ჩაის კულტურის ცენტრის და მცირე ზომის სასტუმროს მშენებლობა მაისში დასრულდება და ადგილზე მუდმივად 15 ადამიანი დასაქმდება, ხოლო სეზონურად, ჩაის კრეფის დროს კი 50-მდე ადგილობრივს დაასაქმებენ.

„ჩაის კულტურის ცენტრში ვიზიტორებს სხვადასხვა ჯიშის ჩაის დაგემოვნებას შევთავაზებთ“, - ამბობს ლევან ცქიფურიშვილი, რომლის გეგმებშიც ტურისტულად მიმზიდველი ობიექტის შექმნა შედის, რაშიც გიდების დახმარების იმედი აქვს.

„მშენებლობა უკვე დაწყებულია - აშენდება ჩაის საწარმო, აქვე იქნება ადგილი, სადაც ვიზიტორები ჩაის დაგემოვნებას შეძლებენ. სტუმრებს ჩაის კულტურას გავაცნობთ. ადგილზე იქნება მცირე, 4-ოთახიანი სასტუმროც მათთვის, ვინც დარჩენას მოინდომებს, თუმცა ტურისტებისთვის შედარებით დიდი სასტუმროს მშენებლობასაც ვგეგმავთ. აღსანიშნავია, რომ ტყიბული ერთ-ერთი უნიკალური ადგილია ჩაის კულტურისთვის, კლიმატი და სხვა მახასიათებლები აქაურ ჩაის კუნკურენტულს ხდის. საწარმოს ჩაის პლანტაციაშივე ვაშენებთ”, - ამბობს ლევან ცქიფურიშვილი bm.ge-სთან.

ამასთან, როგორვ “ტყიბულის მთის ჩაის” მფლობელი გვიყვება, ჩაის საწარმოს წლიურად 100 ტონა ჩაის გადამუშავება შეეძლება, თუმცა რადგან ჯერჯერობით მხოლოდ 25 ჰა ჩაის პლანტაციას ფლობს, ფიქრობს, რომ წელს 8-10 ტონა ჩაის გადაამუშავებს.

მისივე თქმით, დაახლოებით, 19 ჰა პლანტაცია სახელმწიფოსგან 25-წლიანი იჯარით აქვს აღებული, რომლის ნაწილიც ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამით განაახლა.

"რეაბილიტაციის შემდეგ ჩაის პლანტაციების 60%-მდე მაქვს მზადყოფნაში, რომ მოსავალი ავიღო. სრულად რეაბილიტაციას ანუ სრულად მსხმოიარე რომ გახდეს ჩაი, დრო სჭირდება. 1 ჰა ტერიტორიაზე 1 ტონა ჩაი მოდის, თუ გინდა, რომ ხარისხიანი მოსავალი მიიღო. ზოგადად, 1 ჰა-ზე 1.5 ტონას ანგარიშობენ. ვფიქრობ, 2024 წლისთვის 25 ტონა ჩაის მივიღებ", - ამბობს ცქიფურიშვილი, რომლის გეგმებში ჩაის ექსპორტიც შედის და ერთ-ერთ ბაზრად რუსეთს განიხილავს, სადაც როგორც თავად ამბობს, პარტნიორი ჰყავს.

ამას გარდა, ადგილზე მისული ტურისტებიც შეძლებენ ჩაის შეძენას და ამდენად, პროდუქტის რეალიზაციას ამ გზითაც ელის.
შპს „ტყიბულის მთის ჩაი“ 2017 წელს დაფუძნდა. ამჟამად კომპანიის 51%-ს - იური ნოზაძე, ხოლო 49%-ს ლევან ცქიფურიშვილი ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები