უკრაინაში შეჭრისა და დასავლეთის მიერ ეკონომიკური სანქციების დაწესების გამო, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა, Fitch-მა და Moody’s-მა რუსეთის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი მკვეთრად შეამცირეს რისკიან, ე.წ. „junk” დონემდე.
Fitch-მა რუსეთის რეიტინგი “BBB” (საინვესტიციო) დონიდან "B"-მდე შეამცირა, რაც რისკიან კატეგორიას გულისხმობს.
Moody’s-მა კი ქვეყნის რეიტინგი “Baa3”-დან 6 საფეხურით, პირდაპირ “B3” დონემდე ჩამოაქვეითა, რაც იმას გულისხმობს, რომ რუსეთს მხოლოდ ერთი საფეხური აშორებს ე.წ. „დეფოლტის“ კატეგორიას ანუ მის არაკრედიტუნარიანად აღიარებას.
აღსანიშნავია, რომ ჩამოქვეითების შედეგად, რუსეთს Fitch-ის საკრედიტო რეიტინგით, საქართველომ გადაუსწრო. ამჟამად საქართველოს გრძელვადიანი რეიტინგი “BB” დონეზეა, რუსეთის კი “B”-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს რეიტინგი რუსეთზე 3 საფეხურით უფრო მაღლაა. საქართველოს რუსეთზე უკეთესი რეიტინგი აქვს Moody’s-ის შეფასებითაც.
Fitch-ის ინფორმაციით, 1997 წლის შემდეგ ეს მოკლე ვადაში ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის შემცირების ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ვითარების სიმწვავეს.
სააგენტოების შეფასებით, დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, რუსეთის ეკონომიკასა და საბანკო-საფინანსო სექტორებზე დაწესებული სანქციები მკვეთრად ზრდის საინვესტიციო რისკებს და შესაძლებელია, რუსეთმა ვალდებულებების დროული მომსახურება ვერ შეძლოს.