ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საქართველოში, ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნასთან დაკავშირებით, ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ დელეგაცია, მსოფლიოს მასშტაბით, ბავშვთა ონკოლოგიური კლინიკების მშენებლობისა და მოწყობის 10-წლიანი გამოცდილების მქონე სამუშაო ჯგუფს წარმოადგენს.
დელეგაციის წევრებმა, უწყების წარმომადგენლებს, სამედიცინო ცენტრის ფუნქციონირების, კლინიკის მოწყობისა და მკურნალობის ტაქტიკის შემუშავების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. განიხილეს ონკო-ჰემატოლოგიური სერვისების მიმართულებით დანერგილი პრაქტიკაც.
როგორც შეხვედრაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ გამოცდილების გაზიარება და სამომავლოდ, მათთან თანამშრომლობა ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია.
უწყების წარმომადგენლების გარდა, შეხვედრას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორიც ესწრებოდა, რომელმაც დელეგაციის წევრებს საგანმანათლებლო დაწესებულების სტრატეგიული განვითარების გეგმა გააცნო. ისაუბრეს პროტონული თერაპიის კლინიკისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებაც, სადაც სამეცნიერო კვლევითი პროექტები განხორციელდება.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ადგილზე იმ ინფრასტრუქტურულ, კლინიკურ და საგანმანათლებლო ბაზას გაეცნობიან, რომელიც ქვეყანაში არსებობს.
შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, საქართველოს ელჩი ისრაელის რესპუბლიკაში ლაშა ჟვანია, „სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელი ეკა ფესტვენიძე, სოლიდარობის ფონდის რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ჩაჩავა, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, ისრაელის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადი და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
„ჩვენ ისრაელიდან ჩამოვედით, რათა საქართველოში ბავშვთა ახალი ონკოლოგიური ცენტრის გახსნის მიმართულებით ვითანამშრომლოთ. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა შეიქმნას საქართველოში ყოვლისმომცველი სერვისი ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებისთვის.
ერთმანეთს ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ. გარდა ამისა, შეხვედრაზე პროტონულ თერაპიაზე ვისაუბრეთ, რომელიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებისთვის სხივური თერაპიის ახალ მეთოდს წარმოადგენს. ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პედიატრიული ჰემატო-ონკოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის განყოფილების დირექტორმა, რონიტ ელჰასიდიმ.