მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემი თხოვნის მიუხედავად, სანქცირებაზე მტკიცებულებები არ მომაწოდეს - ნინო ქადაგიძე აშშ-ზე

6434069f37307
BM.GE
10.04.23 14:23
304
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ მან მიმართა აშშ-ს მტკიცებულებების მიწოდების თხოვნით, თუმცა ამაოდ.

„პირადად ჩემი თხოვნის მიუხედავად, მე არ მომეწოდა არათუ დასაბუთებული მტკიცებულებები, არამედ ვარაუდიც კი და მინიშნებები იმის თაობაზე, თუ რა გახდა ჩემი კოლეგების კორუფციაში დადანაშაულების საფუძველი. ამიტომ მე მათ ვუცხადებ თანადგომას", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

ცნობისთვის, დღეს ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი განაცხადა, რომ მხარდაჭერას უცხადებს ყველა მოსამართლეს.

ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რის საფუძველზეც ოთხი მოსამართლე დასანქცირდა.

“არათუ მე, არცერთ მოქალაქეს არ უნახავს რაიმე მტკიცებულება, რაც ამ გადაწყვეტილებას თან ახლდა. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის დიდ კითხვის ნიშანს აჩენს, სამწუხაროა და გაუგებარია. ვფიქრობ, სიმართლე გაირკვევა და საუბარი გვექნება ჩვენს პარტნიორებთან და არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება, ამისი მჯერა. ეს ჩემთვისაც და ჩვენთვისაც სიურპრიზი იყო. არ მომისმენია, რომ რაღაც კითხვები არსებობდა და თუ ასეთი ფაქტი ვინმეს აქვს, ყოველთვის მზად ვართ მოვისმინოთ ისინი. ერთი რამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მიუღებელი და დაუშვებელია სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევა. ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილება თუ განცხადება, რაც აღქმას შექმნის იმისა, რომ სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევა ხდება, აუშვებელია”,-აცხადებს ღარიბაშვილი.

5 აპრილს აშშ-მ საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე დასანქცირების შესახებ განაცხადა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ასანქცირებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხელ ჩინჩალაძეს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს [ყოფილი მოსამართლე] მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები