მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემი ვარაუდით, ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევა ₾200 მილიონის პრემიას დააგენერირებს - ნიკოლაძე

ლაშა ნიკოლაძე რედაქტ2

მთავრობამ ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა. დოკუმენტი იმ კანონპროექტებს შორისაა, რომელსაც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს. კანონპროექტი, რომელიც ჯერ კიდევ 2018 წელს გადაიგზავნა პარლამენტში, რამდენიმე თვის წინ ეკონომიკის სამინისტრომ თავიდან გადაამუშავა, თუმცა ჯერ დოკუმენტი პარლამენტის ვებგვერდზე ატვირთული არ არის.

დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივანი, ლაშა ნიკოლაძე რედაქტ2-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში წლიური სადაზღვევო პრემია სავარაუდოდ, 150-250 ლარის ფარგლებში იქნება.

„პლუს-მინუს 200 ლარზე იყო ლაპარაკი, თუმცა ტარიფი არ ჩაიწერა კანონში და სწორია. დაახლოებით მილიონი ავტომობილია, რომელიც ქვეყანაში გადაადგილდება. სტატისტიკაც არ არის სწორი, რადგან ბევრი ავარიაა, როცა პატრულს არ იძახებენ.  რა ზარალებია არ ვიცით, მხოლოდ დაშვებები შეგვიძლია გავაკეთოთ... ერთადერთი ზუსტად რაც ვიცით, ეს არის გარდაცვლილთა რაოდენობა, რაც წლის განმავლობაში ავარიების დროს 500-ია .

ჩემი გათვლებით წლიური სადაზღვევო პრემია სადღაც 150-250 ლარამდე იქნება [მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში]. რაც უფრო დიდი ძრავი აქვს ავტომობილს თეორიულად უფრო დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. მეტი პრემიაა სახაზო-სარეისო მიკროავტობუსების, ავტობუსების, ტრაილერების და ა.შ შემთხვევაში“, - აცხადებს ლაშა ნიკოლაძე.

მისი თქმით, სტატისტიკის დაგროვების შემდეგ კანონი გაითვალისწინებს ავტომფლობელთა წახალისების სისტემასაც. „როცა კეთილსინდისიერი მძღოლი ვარ, ჩემთვის პრემია მცირდება“,-განმარტავს ნიკოლაძე.

მისი ინფორმაციით, არსებული რედაქციით კანონის აღსრულებას შსს, კერძოდ საპატრულო პოლიცია განახორციელებს.

„საუბარია ჩვეულებრივი დაჯარიმებიდან დაწყებული, როცა პოლისი არ არის სახეზე, გადაცდენაა ან ა.შ ასევე იმ პირველადი დოკუმენტების შეგროვების ნაწილში, რომელიც განაპირობებს ზარალის ანაზღაურებას. რაც არ უნდა ცნობადობა აამაღლო, რეკლამები გამოაქვეყნო, ადამიანი არ იყიდის, თუ მას ჯარიმა არ დაემუქრა, ეს აპრობირებული პრაქტიკაა“, - ამბობს ნიკოლაძე.

სადაზღვევო ინდუსტრია შეთანხმებულია და კანონპროექტის მიხედვით, მოზიდული პრემია კანონის ამოქმედებიდან 3 წლის განმავლობაში კომპანიებს შორის თანაბრად გადანაწილდება. დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივანი ვარაუდობს, რომ ამ ტიპის სავალდებულო დაზღვევის პროდუქტის შემოტანა ინდუსტრიაში დამატებით 200 მილიონი ლარის პრემიას დააგენერირებს.

„ეს დაახლოებით 20%-ია მთელი ბაზრის. კი დიდი ნახტომია, მაგრამ იმდენად ზარალიანი პოლისია, ამ ურთიერთობაში ყველა ერთად თუ არ იქნა, გაუჭირდება“, - აცხადებს რედაქტ2-თან ინტერვიუში ლაშა ნიკოლაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები