მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი მზის პანელების ინსტალაციის შემსწავლელ კურსს იწყებს

634cfd2c11fa6
მარიამ დემეტრაშვილი
17.10.22 11:30
621
ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი მზის პანელების ინსტალაციის შემსწავლელ კურსს იწყებს. როგორც ცენტრის დამფუძნებელმა ნატალია პატარიძემ გადაცემაში "ქალების ნარატივი" თქვა, პროფესიული კურსი 5-თვიანი იქნება და სწავლება დღეს, 17 ოქტომბრიდან იწყება.

"წელს გვაქვს ახალი პროექტი - მზის პანელების ინსტალაციის პროფესია. ამ პროგრამას ემატება გარემოს დაცვის კომპონენტი, რაც ამ პროფესიულ კურსს უპრეცედენტოს ხდის და გამოხმაურებაც იყო ძალიან მაღალი. პირველ ნაკადში 30-ზე მეტი სტუდენტი გვყავს. ამ კურსის პირველი ლექცია ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში 17 ოქტომბერს შედგება. სწავლება სრულიად უფასოა,"- განაცხადა ნატალია პატარიძემ და დასძინა, რომ ცენტრში განახლებადი ენერგიების მიმართულებით, პროფესიული კურსების განვითარება კიდევ იგეგმება.

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი წელიწადნახევრის წინ დაარსდა. მისი დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ დრომდე ცენტრში სხვადასხვა მიმართულებით 500-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისწავლა და გადამზადება გაიარა.

"ცენტრის დაარსებიდანვე გეზი ტექნოლოგიებისკენ ავიღეთ იმიტომ, რომ ეს მაღალანაზღაურებადი პროფესიებია, რაც მიმზიდველი უნდა გახდეს მომავალი თაობისთვის. გვაქვს ასევე სოფლის მეურნეობის პროგრამები, რომელიც "ფერმერთა ასოციაციასთან" ერთად შევქმენით. მეფუტკრეობა, მევენახეობა, დეკორატიული მცენარეების გამოყვანა და ა.შ. - აქტიურად ვნერგავთ ამ პროფესიებს, რათა მოდური გახდეს სოფლის მეურნეობა. გარდა ზემოჩამოთვლილისა, გვაქვს ასევე სამოქალაქო განათლების და ეკონომიკური გაძლიერების პროგრამები. აბიტურიენტებისთვის კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად შევქმენით ტექნოლოგიური სივრცე", - განაცხადა ნატალია პატარიძემ.

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მხარდაჭერით შეიქმნა და მისი მიზანი შრომით ბაზარზე ეფექტურ ინტეგრაციაში ადგილობრივი ახალგაზრდების დახმარებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები