მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთიდან ტვირთების გადაზიდვების ღირებულება სექტემბრიდან 400%-ით გაიზარდა - Green Line პანდემიის შედეგებზე

6061dacad870b
ვიქტორია მღებრიშვილი
29.03.21 21:05
1413
სატვირთო გადაზიდვების კომპანია Green Line-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი რეზო ხვიჩია ამბობს, რომ 2020 წელი მათთვის, როგორც კომპანიათა უმრავლესობისთვის, რთული აღმოჩნდა, რაც განსაკუთრებით წლის ბოლო თვეებში ტვირთბრუნვაზე აისახა. შეძლო თუ არა ლოგისტიკურმა კომპანიამ პანდემიისგან გამოწვეული სირთულეების გადალახვა? -  BM.GE-ის ამ კითხვას რეზო ხვიჩია პასუხობს:

„2020 წელს დასახული გეგმების შესასრულების პრობლემები წლის მეორე ნახევარში შეგვექმნა. წლის დასაწყისში ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების დროს კი, გეგმის ნაწილის შესასრულებლად ალტერნატიული გზების მოძიება მოგვიწია. მარტიდან 7 თვის განმავლობაში ყველაფერი მეტ-ნაკლებად კარგად მიდიოდა. პანდემიიდან გამომდინარე გამოვლენილმა პრობლემებმა თავი ერთიანად წლის მეორე ნახევრიდან იჩინა. ჩინეთიდან ტვირთების გადაზიდვების ღირებულება სექტემბრიდან, მანამდე არსებულ ტარიფებთან შედარებით, დაახლოებით 400%-ით გაიზრდა. თუ მანამდე ერთი კონტეინერის ჩამოტანა 2 500 დოლარი ჯდებოდა, სექტემბრიდან ამ თანხამ 10 000 დოლარი შეადგინა. გაძვირებული მომსახურებისა და დოლარის კურსის ცვლილებიდან გამომდინარე ტვირთების ჩამოტანამ ძალიან იკლო“.

ლოგისტიკური კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ფოთის პორტში 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 170 000-ით ნაკლები კონტეინერი შემოვიდა.  

„აქედან გამომდინარე კონტეინერების გადაზიდვა ჩვენც შეგვიმცირდა. თვის განმავლობაში თუ 50-80, წლიურად კი 400-500 კონტეინერს ვიღებდით, ნოემბერში, დეკემბერსა და იანვარში თვიურად 3-5 კონტეინერი შემოვიდა.

რაც შეეხება სახმელეთო გადაზიდვებს, ამ მიმართულებით ჩვენ სასტუმროებთან, სპორტულ და ასევე სამშენებლო კომპანიებთან ვთანამშრომლობთ. ვირუსის გავრცელების დასაწყისში გარკვეული მიმართულებების გადაზიდვებმა წამოიწია, როგორიც იყო სამედიცინო ხალათები, ხელთათმანები, პირბადეები, რამაც 3 თვე აქტივობა შეგვინარჩუნა და კომპანია გადაგვარჩენინა. ივნისი-ივლისიდან ეს მიმართულება აქტიური აღარ იყო და ძველ გზაზე სიარული მოგვიწია. ჩვენი პარტნიორი კომპანიების უმეტესობა დაიკეტა, შესაბამისად მათი მხრიდან პროდუქციის შემოტანაზე მოთხოვნა რიგ შემთხვევაში დღესაც არ აღმდგარა“, - აღნიშნავს Green Line-ის ხელმძღვანელი.

სირთულეების მიუხედავად რევაზ ხვიჩიას თქმით, კომპანიამ სამუშაო ადგილებისა და პარტნიორების შენარჩუნება შეძლო და მაღალი კონკურენციის პირობებში ტარიფებიც არ გაუძვირებია.

„ჩვენთან მომსახურების ტარიფები მხოლოდ საზღვაო გადაზიდვების შემთხვევაში გაიზარდა. ჩვენ ჩინელ აგენტებთან ვთანამშრომლობთ, როდესაც მათი მხრიდან ტარიფების გადახედვა მოხდა, ფასების გადახედვა ჩვენც მოგვიწია.

ლარის კურსის გაუფასურების მიუხედავად შიდა ბაზარზე ლოგისტიკის მიმართულებით იმდენად დიდი კონკურენციაა, რომ ფასების გაზრდა შეუძლებელია. თუ მაგალითად 2 წლის წინ იტალიიდან მანქანა 4 100 ევროდ ჩამოგვყავდა, დღეს გაზრდილი კონკურენციის პირობებში 3 700 ევროდ უნდა ჩამოვიყვანო, რაც დარტყმას ჩვენ - სატრანსპორტო კომპანიებს გვაყენებს“, - განმარტა რეზო ხვიჩიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები